სამხრეთ ოსეთში უნდობლობაა ევროპული სტრუქტურებისადმი, ვინაიდან სწორედ მათ, კერძოდ კი ეუთოს სინდისზეა ოსი ხალხის სისხლი. მათ ვაპატიებთ იმ შემთხვევაში თუკი ისინი თავის პასუხისმგებლობას აღიარებენ, თუმცა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მაინც არ შემოვუშვებთ, ჩვენ გვახსოვს მათი ვერაგული ღალატი _ ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული პარლამენტის წევრებთან შეხვედრისას გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
კოკოითის თქმით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე პასუხისმგებლობა საქართველოსთან ერთად ეუთომ და სხვა სტრუქტურებმაც უნდა გაინაწილონ.
"ჩვენ ვეცადეთ ჩვენი ხმა მიგვეწვდინა მათთვის და აგვეხსნა, რომ სიტუაცია მძიმე და ტრაგიკულ შედეგებამდე მიდის და აუცილებელია რადიკალური ზომების მიღება იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ეს სისხლიანი ჩეხვა. ჩვენ ვხედავდით, რომ სწორედ მათი თანხმობით ჩვენს საზღვრებთან თავს იყრიდა ტექნიკა. ჩვენ დავინახეთ სამარცხვინო გაქცევა და ვერაგული ღალატი ეუთოს მისიისა და ამას ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ", _ აცხადებს კოკოითი და დასძენს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი თავისი ხაზის გატარებას გააგრძელებს.
"ოსი ხალხის სისხლი მხოლოდ სააკაშვილის ხელზე არ არის, იგი იმ ევროპელი ჩინოვნიკების ხელზეცაა, ეუთოს სახით, რომლებიც მდუმარე თანხმობით უბიძგებდნენ სააკაშვილის თავგასულ რეჟიმს. ეს სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობის პრინციპული პოზიციაა", _ განაცხადა ედუარდ კოკოითმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არ სურს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ეუთო და ევროკავშირი მუდმივმოქმედ საფუძველზე იმყოფებოდნენ.
"თუმცა ამასთან ერთად არის მომენტები, როცა მათ მოწვევა შეიძლება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციიდან უკან ვიხევთ. ვაპატიებთ, თუკი ისინი საჯაროდ აღიარებენ პასუხისმგებლობის თავის თავზე აღებას 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი.
მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი ეუთოს საერთაშორისო ორგანიზაციასთან ითანამშრომლებს მხოლოდ იმ სფეროებში, რომლებშიც ოსი სეპარატისტებისათვის მათთან თანამშრომლობა ხელსაყრელია.
ერთ-ერთ ასეთ სფეროდ, ოს სეპარატისტთა ლიდერი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების საკითხს ასახელებს.