მთავარი არხის მიერ პრემიერ-მინისტრის (ირაკლი ღარიბაშვილის ნებართვის გარეშე) ვაქცინის მეორე დოზაზე დარეგისტრირების შემდეგ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ვაქცინაციის პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა სუბიექტის რეგისტრაციის პროცესის კანონიერების შემოწმება დაიწყო.
უწყება მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავოს, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე პირთა თვითნებური დარეგისტრირებისგან, რათა ხელი არ შეეშალოს ვაქცინაციის პროცესის ადმინისტრირებას.
"2021 წლის 3 სექტემბერს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტით და ამავე ფაქტზე მოქალაქეთა მომართვით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პერსონალური მონაცემების გამოყენებით, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე, ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრი დაარეგისტრირა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში - https://booking.moh.gov.ge/, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის მეორე დოზის გაკეთების მიზნით.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ვაქცინაციის პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა სუბიექტის რეგისტრაციის პროცესის კანონიერების შემოწმება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავოს, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე, ზემოაღნიშნულ სისტემაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე პირთა თვითნებური დარეგისტრირებისგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული სხვა პირთა უფლებების დარღვევა და ხელი არ შეეშალოს ვაქცინაციის პროცესის ადმინისტრირებას", განმარტავენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.