საქართველოს პროკურატურამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მომხდარი ბიზნესმენ ვ.ვ.-ს მკვლელობის ფაქტზე, კ.კ-ს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 1 სექტემბერს, კ.კ.-მ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, განზრახ მოკვლის მიზნით, ვ.ვ.-ს, მისსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ვ. საავდმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა კ.კ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.