თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული ჯ.ქ. დამნაშავედ ცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 30 ივნისს, ჯ.ქ.-მ, ოჯახური კონფლიქტის დროს წარმოშობილი შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ძმას ჯ.ქ.-ს, დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ჯ.ქ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯ.ქ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლის თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.