"აფხაზეთში დაბრუნების მსურველთა ფონდთან" არსებულმა ქართველ უხუცესთა საბჭომ სეპარატისტული აფხაზეთის უხუცესთა საბჭოს მიმართა და შუამავლების გარეშე პირისპირ შეხვედრის გამართვისკენ მოუწოდა.
"ომის პოლიტიკამ მიიყვანა ქართველი და აფხაზი ხალხები საერთო ტრაგედიასა და ათასობით უდანაშაულო ადამიანის დაღუპვამდე. კონფრონტაციის გაგრძელებასა და სიძულვილს არავისთვის მოაქვს სიკეთე, მით უმეტეს აფხაზებისა და ქართველებისთვის.
აუცილებლად მიგვაჩნია, მოინახოს გამოსავალი შექმნილი ჩიხიდან", _ ნათქვამია სეპარატისტული აფხაზეთის უხუცესთა საბჭოსადმი გაგზავნილ წერილში და იქვე მითითებულია, რომ საბჭო იღებს პასუხისმგებლობას "ჩვენი მხრიდან დაშვებული იმ შეცდომების ნაწილის აღიარებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1992-1993 წლებში".
"ვიმედოვნებთ, ჩვენი მიმართვა და შესარიგებლად გამოწვდილი ხელი თქვენგან უყურადღებოდ არ დარჩება", _ ნათქვამია საბჭოს მიმართვაში.
ქართველ უხუცესთა საბჭოს წევრები აფხაზეთის უხუცესთა საბჭოს წევრებს პირისპირ და შუამავლების გარეშე შეხვედრას სთავაზობენ.
"გთავაზობთ შევხვდეთ ერთმანეთს პირისპირ, შუამავლების გარეშე და ერთად ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ აღვადგინოთ ნორმალური ურთიერთობები და ერთობლივი მშვიდობიანი თანაცხოვრება", _ ნათქვამია მიმართვაში.
ქართველ უხუცესთა საბჭო დარწმუნებულია, რომ ნებისმიერ ხელის შეშლის მიუხედავად ქართველებსა და აფხაზეთს შორის მეგობრული ურთიერთობები უნდა აღდგეს.
"წრფელი გულით გვწამს თქვენი ყურადღებისა და ვიმედოვნებთ, რომ გამოგვეხმაურებით. სიტყვა თქვენზეა", _ ნათქვამია მიმართვის ბოლოს, რომელსაც ქართველ უხუცესთა საბჭოს 12 წევრი აწერს ხელს.
აღსანიშნავია, რომ "აფხაზეთში დაბრუნების მსურველთა ფონდი" ("აფხაზებთან ნდობის აღდგენისა და შერიგების ფონდი") და მასთან არსებული ქართველ უხუცესთა საბჭო მთავარ ამოცანად ისახავს აფხაზთა და ქართველთა შორის ნდობის აღდგენასა და შერიგების მრავლისმომცველი ღონისძიებების ჩატარებას, ქართველ, აფხაზ და სხვა ეროვნების დევნილთა ჰუმანიტარულ და მატერიალურ დახმარებას. მომავალში აფხაზ და ქართველ უხუცესთა საბჭოების წევრთა შეხვედრას. ენგურის ხიდთან (მდინარის ორივე მხარეს) აფხაზ, ქართველ და სხვა ეროვნების დაღუპულთა პატივსაცემად მონუმენტის აღმართვას წარწერით "მოტყუებული ძმები სამშობლოსთვის იბრძოდნენ" და სხვა.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტული აფხაზეთის უხუცესთა საბჭოს ანტიქართული განწყობილებებით ცნობილი კონსტანტინე ოზგანი ხელმძღვანელობს, რომელიც რამდენიმე დღის წინ აფხაზი უხუცესების მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს "აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკასთან" თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოუწოდებდა და აცხადებდა, რომ აფხაზი ერის არჩევანი რუსეთია და იგი არასოდეს შეიცვლება.