დასავლეთ აფრიკაში, კოტ-დივუარში, პირველად 27 წლის განმავლობაში, ებოლას ვირუსით დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა.
როგორც ორგანიზაცია იუწყება, პაციენტი, რომელიც მომაკვდინებელი ვირუსით დაინფიცირდა, კოტ-დივუარში მეზობელი გვინეიდან 12 აგვისტოს ჩავიდა.
ამჟამად, ვირუსით ინფიცირებული პაციენტი მაღალი სიცხით კოტ-დივუარის უდიდესი ქალაქის, აბიჯანის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს არის ებოლას პირველი შემთხვევა კოტ-დივუარში 1994 წლის შემდეგ.
ორგანიზაცია გაგზავნის ექსპერტთა ჯგუფს დასავლეთ აფრიკის რესპუბლიკაში, რათა დაეხმაროს კონტაქტების მოძიებასა და ინფიცირებულთა მკურნალობაში.
ებოლას ყველაზე მასშტაბური ეპიდემიური აფეთქება 2014-2016 წლებში დაფიქსირდა, რომელმაც მოიცვა დასავლეთ აფრიკის ნაწილი და საბოლოოდ 11 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ებოლას ვირუსი 1976 წელს ზაირში აღმოაჩინეს.