უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის არსებული სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას ვალდებულნი იქნებიან სახელმწიფო გადასახადი გადაიხადონ.
სეპარატისტული რეჟიმის მიერ დანიშნული ახალგორის რაიონის ე.წ. გამგებელი ალან ჯუსოევი აცხადებს, რომ საუბარი მიდის აღნიშნული რაიონის მაცხოვრებლებზე, რომლებიც ამჟამად საზღვარს მოსაბრუნის დასახლებულ პუნქტში კვეთენ და ყველა მათგანი, რომელსაც არ ექნება სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი, ვალდებული იქნება გადასახადი გადაიხადოს.
"საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ამჟამად ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს. პასპორტიზაციის პროცესის დასრულების შემდეგ კი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვალდებული იქნებიან, კანონის შესაბამისად სახელმწიფო გადასახადი გადაიხადონ", _ აცხადებს ჯუსოევი.
ამასთან ერთად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იუწყება, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მყოფი რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალგორის რაიონის მოსახლეობა ამ დასახლებულ პუნქტში დღემდე საქართველოს პასპორტების შედის.
"მათ ასევე შეუძლიათ საზღვრის გადაკვეთა ფორმა # 9-ის ფურცლით, თუმცა ამ ცნობით ისინი არ სარგებლობენ. ამ დოკუმენტით მათ საქართველოში არ შეუშვებენ, ვინაიდან მას არ აღიარებენ", _ აცხადებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული "ეფ-ეს-ბეს" ე.წ. საზღვრის დაცვის სამმართველოს პრესსამსახურში.
ამასთან ერთად, ე.წ. საპასპორტო მაგიდის ხელმძღვანელი სოსლან ჯიგკაევი აცხადებს, რომ ამჟამად ახალგორის რაიონში (მას სეპარატისტები ლენინგორს რაიონს უწოდებენ) სრული სვლით მიდის პირადობის დამადასტურებელი დროებითი დოკუმენტის ფორმა # 9-ის გაცემა.
"პასპორტიზაციის პროცესი დაიწყო და იგი ნებაყოფლობითია და არა ძალადობრივი. ჩვენთან აქ ფორმა #-9-ის მისაღებად რიგები დგას. ამას გარდა შემოღებულია ფორმა # 1, რომელიც აუცილებელია ახალგორის რაიონის მაცხოვრებლების კარტოთეკის შესაქმნელად. შეგროვილი პერსონალური მონაცემების საფუძველზე ჩვენ შემდგომში უკვე დავიწყებთ შიდასამოქალაქო პასპორტების გაცემას", _ აცხადებს ჯიგკაევი.
მისივე თქმით, ფორმა #1 მონაცემთა ბაზაში რჩება, ფორმა # 9 კი მოქალაქეს ეძლევა. ოფიციალური სახელმწიფო გადასახადი ამ დოკუმენტის მისაღებად 35 რუსულ რუბლს შეადგენს.
მისივე ინფორმაციით, პასპორტიზაციის პროცესი გაგრძელდება მანამ ვიდრე არ იქნება შეგროვებული ყველა აუცილებელი დოკუმენტი პასპორტების გასაცემად.