აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ გაბრაზებულია რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინზე და მაშინაც კი, თუ მისი დიპლომატიური მცდელობები უშედეგო აღმოჩნდება, ის არ შეწყვეტს ნატო-ს ქვეყნებისთვის უკრაინის გადასაცემად იარაღის მიყიდვას.
ამის შესახებ Axios ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებებზე დაყრდნობით იუწყება.
გაზეთის ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უშედეგო სატელეფონო ზარების სერიის შემდეგ, ტრამპი მოუთმენლად ელის პუტინთან პირად შეხვედრას, რათა შეაფასოს მისი მზადყოფნა მშვიდობისთვის.
„ამ ეტაპზე არავინ იცის, რისი მიღწევა სურს ტრამპს პუტინისგან პარასკევს. ჩვენ არ ვიცით, რამდენად დიდი გავლენის მოხდენა შეგვიძლია ტრამპზე, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ მცდელობა“, - განუცხადა უკრაინელმა ჩინოვნიკმა Axios-ს.
ამავდროულად, ამერიკელი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ თუ ტრამპის რიტორიკა ზოგჯერ პრორუსულად ჟღერს, ეს იმიტომ ხდება, რომ მას სჯერა, რომ ასეთი საჯარო განცხადებები მას შეთანხმების მიღწევაში დაეხმარება.
ერთ-ერთმა მათგანმა Axios-ს განუცხადა, რომ ტრამპი კვლავ „გაბრაზებულია“ პუტინზე.
„თვეების განმავლობაში, ზოგადი კონსენსუსი იყო, რომ ხვალ შეიძლება რუსეთის ეკონომიკა დავშალოთ. თუ მას [ტრამპს] მხარის არჩევა მოუწევდა, ის რუსეთის ეკონომიკას დაარტყამდა. მას ნამდვილად ყელში ამოუვიდა“, - თქვა წყარომ.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას ასევე განუცხადა, რომ დიპლომატიური მცდელობების უშედეგო შედეგის შემთხვევაშიც კი, ტრამპი გააგრძელებს ნატო-ს ქვეყნებისთვის უკრაინის გადასაცემად იარაღის მიყიდვას.