რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა. პუტინის ხელმოწერილი ბრძანება სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნდა.
"რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივა რუსეთსა და ე.წ. სამხრე ოსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტის თანახმად, შეთანხმების ერთი მხარის მოქალაქეს უფლება ექნება მიიღოს მეორე მხარის მოქალაქეობა პირველად მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე. ამასთან, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, რომელთაც სამხედრო სამსახური გაიარეს ერთ-ერთ მხარეს, მეორე მხარის მიერ სავალდებულო გაწვევისგან გათავისუფლდებიან.
გარდა ამისა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები ისარგებლებენ სოციალური, განათლებისა და სამედიცინო უფლებებით იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ.