საქართველოში 2021 წელს კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა შორის 99.7% აუცრელია,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გაართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, გაანალიზდა წელს გარდაცვალებულთა რაოდენობა სრულად და 99.7% სამწუხაროდ არის აუცრელი.
„იცით დღევანდელი მონაცემები, რომელიც 4 800-ის ფარგლებში გვაქვს, ეს არის უფრო მეტი, ვიდრე გვქონდა მაისის პიკზე და დაახლოებით უახლოვდება იმ მდგომარეობას, რაც გვქონდა ნოემბრის დასასრულს. სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების 34 შემთხვევა. გუშინ გაანალიზდა მთლიანად წელს კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობა და 99.7% სამწუხაროდ აუცრელია. მეორე მხრივ, გაანალიზდა ასევე აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩვენებელი, იცით, ეს არის დაახლოებით 0.3% ორჯერ აცრილებში და 0.9% ერთხელ აცრილებში. აქაც, სრულად აცრილებში დაახლოებით 15-ჯერადი განსხვავებაა, ანუ 15-ჯერადობით იცავს. ანუ 1000 ადამიანში, ვინც აცრილია და დაემართება კოვიდი, შეიძლება დაიღუპოს ერთი. მაშინ, როცა 1000 აუცრელ ადამიანში, რომელსაც დაემართება კოვიდი ალბათობა დაღუპვის არის 15. 15-ჯერადი განსხვავებაა. ამიტომ, დაცვას აცრისას აქვს ძალიან სერიოზული საფუძველი და ამიტომ, კიდევ ერთხელ მოწოდებაა, რომ აცრები ერთ-ერთი მთავარია, რაც დღეს ჩვენს მოსახლეობას დაიცავს ეპიდემიის შემდგომი გაუარესებისგან და სავალალო გამოსავლისგან“, – განაცხადა გამყრელიძემ.
3 აგვისტოს მონაცემებით ვირუსით ინფიცირების 4 827 ახალი დადასტურდა ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 428 670-ს. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.41 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.08 %.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 910 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება აცრის მაჩვენებელს, 3 აგვისტოს მონაცემებით საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID- ვაქცინირებულია 165 084 ადამიანი. ჯამურად ჩატარდა 523 466 აცრა.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.
აცრის მსურველებს ონლაინრეგისტრაციის გავლა შეუძლიათ საიტზე booking.moh.gov.ge, ან ტელეფონის ნომრებზე 1522 ან 144-3 დარეკვის საშუალებით