პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტები ემატება. ახალი კომპონენტი გავრცელდება თითოეულ ოჯახზე, ვისაც პირველი სექტემბრის შემდეგ ეყოლება ახალშობილი.
"ახალშობილის ყოლის მომენტიდან 12 თვის განმავლობაში, ასეთმა ოჯახმა შეიძლება, მიმართოს ბანკს, აიღოს იპოთეკური სესხი და შეიძინოს დამატებითი ახალი ბინა, საცხოვრებელი სახლი, 200 000 ოდენობის სესხი იქნება თანასუბსიდირებული, თანაც იმ ოჯახებისთვის, ვისაც შეეძინება პირველი ან მეორე შვილი, ბანკის თანადაფინანსება იქნება თითქმის ნახევარი. პირობითად, დღეს თუ 12%-ში აიღებენ იპოთეკურ სესხს, აქედან 6% იქნება სახელმწიფოს მიერ დაფარული, ხოლო თუ საუბარი არის მესამე, მეოთხე, ყოველ მომდევნო შვილზე, ამ შემთხვევაში, თანადაფინანსება არის გაცილებით მეტი, დაახლოებით 8%. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ოჯახი დაახლოებით 4%-ში აიღებს დღეს იპოთეკურ სესხს; იმისთვის, რომ გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები და ხუთი წლის განმავლობაში ამ თანადაფინანსებას განვახორციელებთ.
მეორე კატეგორია, ვინც ასევე მოექცევა ამ კატეგორიის თანადაფინანსების ქვეშ, ეს არის ოჯახები, ვისაც დღესაც სამი ან მეტი შვილი ჰყავთ, ანუ მრავალშვილიანი ოჯახები, მათაც ავტომატურად შეეძლებათ, ისარგებლონ ამ პროგრამით, ანუ ახალი წევრის შეძენის გარეშე. ვისაც ყავს სამი ან მეტი შვილი, პირველი სექტემბრიდან შემდგომი 12 თვის განმავლობაში შეუძლიათ, მიმართონ საბანკო დაწესებულებას, გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები, შეიძინონ ახალი საცხოვრებელი ფართი და აქაც ჩვენ, დაახლოებით 2/3-ს საბანკო პროცენტის, დავუსუბსიდირებთ.
ვიმედოვნებთ, რომ ეს პროგრამა ბევრად შეუწყობს ხელს ჩვენი ოჯახების კეთილდღეობას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და თითოეულ ოჯახში თითოეული ასეთი ახალმოვლენილი წევრი იქნება არა მარტო დიდი სიხარულის მომტანი, არამედ კონკრეტული, პრაქტიკული სიკეთეების მომტანი“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.