ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს, ამიტომ უნდა ვმართოთ პროცესი და ხელი შევუწყოთ ეკონომიკის ზრდას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენი ქვეყნისთვის სწორი გზაა, რომ, ერთი მხრივ, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ; გადახედეთ რეგიონის ქვეყნებს და ზოგადად, ევროპაში მიმდინარე ტენდენციებს, ასეთი ზრდა ბევრგან არ არის. ეს მართლაც არის უპრეცედენტო ზრდა ჩვენს ქვეყანაში; მეორე მხრივ, ის რომ მოვახერხეთ ასეთი რაოდენობის ვაქცინების შემოტანა, ვფიქრობ არის ძალიან კარგი და სასიხარულო ამბავი. ამ ყველაფერს სჭირდება სწორად გამოყენება, სწორი ახსნა მოსახლეობასთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა და ზოგადად, ამ სიტუაციის გადარჩენის გზა.
„ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს. ამიტომ ჩვენ უნდა ვმართოთ, ერთი მხრივ, პროცესი და მეორე მხრივ, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის ზრდას. ეს ნიშნავს მეტ დასაქმებას, მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოსახლეობისთვის", - თქვა ღარიბაშვილმა.