შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
თავდაპირველად გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აწარმოებენ.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცავები აქტიურად აგრძელებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ჩატარებას დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.
31 წლის ავსტრალიელი ქალი, შანა ბრუკი გუშინ მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, გარდაცვლილის ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. ცხედარი გუშინ გვიან ღამით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.
შანა ბრუკი, რომელის საქართველოში ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობდა, 30 ივლისს ღამით გაუჩინარდა. გაუჩინარებამდე მან მეგობარს დაურეკა და დახმარება ითხოვა. შანა ბრუკი ამბობდა, რომ თავს დაესხნენ და დახმარებას ითხოვდა.