თბილისში აზერბაიჯანელი ბლოგერი და აქტივისტი ჰუსეინ ბაკიხანოვი გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა 14 ივლისს, სასტუმრო "სტამბაში" მოხდა. ბაკიხანოვის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, ზოგიერთი ცნობით, იგი სასტუმრო "სტამბის" სახურავიდან გადმოხტა.
ბაკიხანოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ სოციალურ ქსელში, 29 ივლისს გაავრცელა.
"აზერბაიჯანელი მიგრანტი ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. 12 ივლისს აზერბაიჯანელთა ჯგუფმა სცემა თბილისში მცხოვრები ემიგრანტი, რომელსაც აზერბაიჯანში პოლიცია დევნიდა და მან გადაურჩა.
ჰუსეინმა პოლიციას და სამედიცინო შემოწმებას მიმართა. თუმცა, სამედიცინო შემოწმებამ უარი თქვა შინაგანი ორგანოების გამოკვლევაზე. ერთი კვირის განმავლობაში არ იყო სიახლე ჰუსეინისგან.
დღეს გაირკვა, რომ გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს მის ბინაში. ჰუსეინ ბაკიხანოვი დააკავეს 7 მაისს ბაქოში გამართული საპროტესტო აქციის დროს. მას 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი პოლიციამ აწამა. მან ასევე თქვა, რომ მას პოლიცია ემუქრებოდა გაუპატიურებაზე.
თბილისში ყოფნისას ის მუდმივად აკრიტიკებდა აზერბაიჯანის მთავრობას, აზერბაიჯანულ მედიაში და საკუთარ არხზე. ჰუსეინმა მეგობრებს განუცხადა, რომ თავდამსხმელებს თავდაპირველად სურდათ მისი პრივატიზება. ვთხოვ ქართულ მედიას, ყურადღება მიაქციონ საკითხს“, - წერს მუხთარლი.
ბაკიხანოვის გარდაცვალებასთნ დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.
გამოძიების ინფორმაციით, ჰუსეინ ბაკიხანოვი სასტუმროში დასაქმებასთან დაკავშირებით გასაუბრებაზე იყო მისული, სასტუმროს დათვალიერების დროს კი სახურავიდან გადმოხტა, რასაც თვითმხილველები ჰყავს.
ამავეს ადასტურებს სასტუმრო „სტამბას“ იურისტი, რომელიც პირველ არხთან საუბარში აცხადებს, რომ სასტუმროს თანამშრომლები გამოძიებასთან თანამშრომლობენ და ყველა ინფორმაცია მიაწოდეს.
"ფაქტს ვადასტურებ. შემთხვევა მოხდა 14 ივლისს. სამწუხარო ფაქტი მოხდა. ყველა თვითმხილველის თვალწინ მოხდა. შეესწრნენ ფაქტს. გამოკითხული არიან პოლიციაში. მთლიანი მასალა გვაქვს მიწოდებული. გასაუბრება მოხდა მასთან სამსახურის თაობაზე, სასტუმროში მიდიოდა გაცნობითი შემოვლა, რა დროსაც გადახტა. არის ჩანაწერები მიწოდებული გვაქვს გამოძიებისთვის. დეტალების განხილვისგან შევიკავებთ თავს", - განაცხადა "სტამბას" იურისტმა, კახა წერეთელმა.