ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 17 მაისის მდგომარეობით წარმოშობილი, აღიარებული ან არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებლობა ეძლევა, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა -საურავები.
დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, 2 635 განაცხადი დარეგისტრირდა.
აღნიშნული შეღავათით სარგებლობის მიზნით, გადასახადის გადამხდელმა მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით და 2021 წლის 31 დეკემბრამდე განახორციელოს საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული თანხის ბიუჯეტში გადახდა.
ამასთან, სანქციების შემცირება ხორციელდება ძირითადი გადასახადის სრულად გადახდის პირობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ძირითადი გადასახადი მთლიანი საგადასახადო დავალიანების (ძირითადი გადასახადისა და სანქციების ჯამის) 30%-ზე ნაკლებია, ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს მთლიანი საგადასახადო დავალიანების სულ მცირე 30%.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივა შეეხება ყველა გადასახადის გადამხდელს, მათ შორის იმ გადამხდელებსაც, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს საგადასახადო დავა ფინანსთა სამინისტროსა და სასამართლოს სისტემაში.
ჯარიმა-საურავების პატიების შესახებ, გადაწყვეტილება ერთჯერადად აღსრულდება და მიზნად ისახავს გლობალური პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დაძლევას.
საგადასახადო შეთანხმების განცხადების წარდგენა შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის - www.rs.ge საშუალებით.