ლიტერატურულ პრემია "ლიტერას", მონაწილეების შემდეგ, გამოეთიშა კონკურსის ჟიურის მეოთხე წევრი, ლიტერატურათმცოდნე ბელა წიფურია. საკუთარი გადაწყვეტილება ბელა წიფურიამ ტელეკომპანია "ფორმულასთან" განმარტა.
"წლევანდელი კონკურსის მიმდინარეობაზე, დაწყებაზეც კი გავლენა მოახდინა იმ საერთო სიტუაციამ, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში დღეს - ქართული საზოგადოების უნდობლობა სახელისუფლებო პროცესებისადმი. გაჩნდა განცდა იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს გააკონტროლოს ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სხვადასხვა სფერო და მათ შორის, ლიტერატურის სფეროც", - ამბობს წიფურია.
ცოტა ხნით ადრე, ჟიურის წევრობაზე უარი განაცხადეს მწერალმა რეზო თაბუკაშვილმა, მწერალმა და კრიტიკოსმა ლელა კოდალაშვილმა, ლიტერატურათმცოდნემ და მთარგმნელმა ოქტაი ქაზუმოვმა.
ამ დროისთვის, ჟიურის შემადგენლობაში რჩება მხოლოდ კულტურის სამინისტროს მიერ წარდგენილი წევრი, წულუკიანის მრჩეველი, პუბლიცისტი იოსებ ჭუმბურიძე.
ლიტერატურულ პრემია "ლიტერას" მონაწილეები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ თეა წულუკიანის მიმართ პროტესტის ნიშნად კონკურსიდან თავიანთ წიგნებს ხსნიან.
როგორც კონკურსის მონაწილეები აცხადებენ, მათი პროტესტი კიდევ უფრო გაამძაფრა ლიტერატურული პრემიის ჟიურის შემადგენლობაში კულტურის სამინისტროს წარმომადგენლის დანიშვნამ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 5-წევრიან ჟიურიში კულტურის სამინისტრომ, პუბლიცისტი იოსებ ჭუმბურიძე წარადგინა, რომელიც სამინისტროში წულუკიანის მრჩევლს თანამდებობას იკავებს.