ლიტერატურულ პრემია "ლიტერას", მონაწილეების შემდეგ, გამოეთიშა კონკურსის ჟიურის კიდევ ერთი წევრი, ლიტერატურათმცოდნე და მთარგმნელი ოქტაი ქაზუმოვი.
ცოტა ხნით ადრე, ჟიურის წევრობაზე უარი განაცხადეს მწერალმა რეზო თაბუკაშვილმა და მწერალმა, კრიტიკოსმა ლელა კოდალაშვილმა.
"მწერალთა სახლი საფრთხის ქვეშაა და იმედი მაქვს ყველა მოპროტესტე მის დასაცავად მის კიბეებზე გაათენ-დააღამებს ისეთივე მონდომებით, როგორც ახლა იბრძვის სამართლიანად კულტურისგან ასიათასი მილით შორს მყოფი "მილისტის" წინააღმდეგ. მეც ვტოვებ ჟიურის", - წერს ქაზუმოვი სოციალურ ქსელში.
ამ დროისთვის, ჟიურის შემადგენლობაში რჩებიან ლიტერატურათმცოდნე ბელა წიფურია და კულტურის სამინისტროს მიერ წარდგენილი წევრი, წულუკიანის მრჩეველი, პუბლიცისტი იოსებ ჭუმბურიძე.
ლიტერატურულ პრემია "ლიტერას" მონაწილეები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ თეა წულუკიანის მიმართ პროტესტის ნიშნად კონკურსიდან თავიანთ წიგნებს ხსნიან.
როგორც კონკურსის მონაწილეები აცხადებენ, მათი პროტესტი კიდევ უფრო გაამძაფრა ლიტერატურული პრემიის ჟიურის შემადგენლობაში კულტურის სამინისტროს წარმომადგენლის დანიშვნამ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 5-წევრიან ჟიურიში კულტურის სამინისტრომ, პუბლიცისტი იოსებ ჭუმბურიძე წარადგინა, რომელიც სამინისტროში წულუკიანის მრჩევლს თანამდებობას იკავებს.