ლიტერატურულ პრემია "ლიტერას" მონაწილეები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ თეა წულუკიანის მიმართ პროტესტის ნიშნად კონკურსიდან თავიანთ წიგნებს ხსნიან.
როგორც კონკურსის მონაწილეები აცხადებენ, მათი პროტესტი კიდევ უფრო გაამძაფრა ლიტერატურული პრემიის ჟიურის შემადგენლობაში კულტურის სამინისტროს წარმომადგენლის დანიშვნამ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 5-წევრიან ჟიურიში კულტურის სამინისტრომ, პუბლიცისტი იოსებ ჭუმბურიძე წარადგინა, რომელიც სამინისტროში წულუკიანის მრჩევლს თანამდებობას იკავებს.
პირველი, ვინც კონკურსიდან წიგნი მოხსნა, მწერალი ტორესა მოსი იყო.
"გრძელ სიაში ჩემი "ორდროშობანაცაა", თუმცა როგორც უკვე განვაცხადე უარს ვამბობ კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობაზე. უკვე ველაპარაკე ჩემ გამომცემელს და შესაბამისად, "ორდროშობანა" მოიხსნება "ლიტერადან". წულუკიანს არ ვიკადრებ მე. სანამ ეგ ქალია კულტურის მინისტრი სრულ ბოიკოტში ვიქნები მაგ უწყებასთან", - წერდა სოციალურ ქსელში მწერალი.
ტორესა მოსის შემდეგ, კონკურსიდან თავისი წიგნის მოხსნის შესახებ მწერალმა მათე სარალიშვილმაც განაცხადა.
"ვისაც "მივიწყებულნი" წაუკითხავს, მიხვდება, რატომ ვტოვებ კონკურსს. "მივიწყებულნი" 19 წლისამ დავწერე და 21 წლისამ გამოვეცი. წერის დროს დაგროვილი და გამოხატული ტკივილი ზუსტად ამ პროექტის მაორგანიზებელი ორგანოს, მსგავსი მიდგომის მქონე უკულტურო და ახალგაზრდების წინააღმდეგ მოქმედი პირების ბრალია. ჩემს წიგნს ვერ ვუღალატებ.
ამაზე ფიქრისას ტორესას პოსტი შემომხვდა. ტორესამ სწორი ნაბიჯი გადადგა. ვინც ბოლო დროის ქაოსს, უკულტურობას და უსამართლობას გულწრფელად განიცდის, "კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს" სახელით ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობას არ და ალბათ ვერ მიიღებს", - წერს მწერალი მათე სარალიშვილი.
"ლიტერას" პრემიის კონკურსს დიზაინერი ნატალია ავალიანი გამოეთიშა. ავალიანი აცხადებს, რომ უარს ამბობს კულტურის სამინისტროს პატრონაჟით ორგანიზებულ ნებისმიერ კონკურსში მონაწილეობაზე.
"მეც არ შემიძლია უარი არ ვთქვა კულტურის სამინისტროს პატრონაჟით ორგანიზებულ ნებისმიერ კონკურსში მონაწილეობაზე, სანამ ამ უწყების მინისტრი არის სრულიად უკულტურო ადამიანი და ძალადობის წამქეზებელი რეჟიმის ერთ-ერთი საყრდენი პერსონაჟი. ეს არის ჩემი ინივიდუალური პროტესტი ამ სამარცხვინო ჩინოსნის და არანაირად კონკურსი "ლიტერას" მიმართ, რომლის 2017 წლის ამაყი გამარჯვებულიც თვითონ ვარ. გულით ვუსურვებ წარმატებებს კონკურსის სხვა ნომინანტებსა და "მწერალთა სახლს" და სრულიად საქართველოს", - წერს ის.
კონკურსს საკუთარი სურვილით გამოეთიშა პოეტი ირაკლი კაკაბაძეც.
"რადგან ჯერ არ იყო გამოქვეყნებული მოკლე სია, თავს ვიკავებდი ამ გადაწყვეტილების მიღებისაგან, მაგრამ დღეს მეც ვუერთდები ჩემს ძვირფას კოლეგებს, ვინც პროტესტის ნიშნად მოხსნა საკუთარი წიგნები პრემიიდან და მოვუწოდებ ყველა მწერალს, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის მომავალი, ქართული კულტურა და მწერლობა, ვინც თვლის, რომ არასოდეს აღარ უნდა დავბრუნდეთ უკან საბჭოთა წარსულში, გამოხატეთ თქვენი პოზიცია და ხმა აღიმაღლეთ ამ უმსგავსობის წინააღმდეგ", - წერს პოეტი.
მალევე, კონკურსის დატოვების შესახებ განაცხადა მწერალმა ეკა ქევანიშვილმაც.
"ბოდიში. ასე არ გამოვა. 4 შერჩეული, მააგრამ ერთი "ზემოდან" დანიშნული ჟიურის წევრი. ძალიან უსიამოვნოა და საშიში. ბოლომდე ვიკავე თავი რამდენიმე არგუმენტით. "ლიტერას" გულშემატკივრობით. მაგრამ არა. მეც ვხსნი კონკურსიდან ჩემს წიგნს", - წერს ის.
ლიტერატურულ პრემიას ასევე გამოეთიშნენ ჟურნალისტები დავით ქაშიაშვილი და რატი მუჯირი, პოეტი ელენე კვირკველია, მწერალი გიორგი შონია, ნათია გიორგაძე, ნინო სამყურაშვილი, ბელა ჩეკურიშვილი, ზვიად კვარაცხელია, ანდრო დადიანი.
ლიტერატურული პრემია "ლიტერას" მონაწილეთა გრძელი სია 26 ივლისს გამოქვეყნდა.
ასევე წელს პირველად მწერალთა სახლის პრემიების ახალი დებულების თანახმად ჟიურის ვინაობა საჯაროა და წლევანდელი ლიტერატურული პრემია "ლიტერას" ჟიურის შემადგენლობა ასეთია:
ბელა წიფურია - ლიტერატურათმცოდნე
რეზო თაბუკაშვილი - მწერალი
ლელა კოდალაშვილი - მწერალი, კრიტიკოსი
ოქტაი ქაზუმოვი - ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი
იოსებ ჭუმბურიძე - პუბლიცისტი