შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ა.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ა.გ.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთაში, წინასწარ მოწყობილ სამალავში დაახლოებით 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“აღმოაჩინეს.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
ამ ეტაპზე, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება, სავარაუდოდ ბრაზილიის რესპუბლიკაში შეიძინა და ტრანზიტული გზით საქართველოში შემოტანა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.