თურქი ბიზნესმენები სეპარატისტულ აფხაზეთში საცხოვრებელი მიკრორაიონის ასაშენებლად მზადყოფნას გამოთქვამენ და აფხაზეთის ე.წ ხელისუფლებას ამისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფას სთხოვენ. ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბასა და თურქი ბიზნესმენების შეხვედრაზე გაჟღერდა. აფხაზეთში ჩასულ თურქ ბიზნესმენთა დელეგაციას კომპანია "ERVA"-ს პრეზიდენტი ეროლ ოზელი ხელმძღვანელობს.
ეროლ ოზელმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მის მიერ შექმნილი კომპანია უკვე მუშაობს აფხაზეთში კომპანია "АКВАФОН-GSM"-ის ადმინისტრაციულ-ტექნიკური კომპლექსის შენობის მშენებლობაზე.
"ამას გარდა, ეროლ ოზელმა ასევე გამოხატა თურქ ბიზნესმენთა მზადყოფნა სოხუმში საცხოვრებელი მიკრორაიონის მშენებლობის დაწყებაზე. მისი თქმით, მიკრორაიონი ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი და თუკი აფხაზეთის ხელისუფლება ამ პროექტთან დაკავშირებით დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს და მშენებლობისათვის შესაბამის მიწის ნაკვეთს გამოყოფს პროექტის განხორციელება დაიწყება", _ იუწყება აფხაზური მხარე.
ამას გარდა, აფხაზეთში მყოფი თურქ ბიზნესმენთა დელეგაციის წევრების განცხადებით, ისინი ასევე დაინტერესებულნი არიან აფხაზეთის სოფლის მეურნეობის განვითარებაში ინვესტიციების განხორციელებით. მათივე თქმით, თურქი სპეციალისტები უკვე მიწების დათვალიერებას აწარმოებენ ოჩამჩირის რაიონში და მალე ამ სფეროს განვითარებისათვის თავის წინადადებებსა და პროექტებს წარადგენენ.
შეხვედრაზე, სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება დაინტერესებულია თანამშრომლობით. მისი თქმით, აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება ყველა წარმოდგენილ პროექტს შეისწავლის და თითოეულთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.