თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ საქართველოში ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პრაიდის კვირეულის ჩატარებას "მიზანშეწონილად არ მიიჩნევს".
როგორც მან აღნიშნა, შესაძლებელია, კონკრეტულმა ჯგუფებმა ეს არასწორად გამოიყენონ.
"გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია. ჩვენ წლების წინ მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ, სადაც ყველა არის თანასწორუფლებიანი და ყველას აქვს გამოხატვის შესაძლებლობა. რაც შეეხება ზოგადად პრაიდის კვირეულს, მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ამის გაკეთება, იმიტომ, რომ არსებობენ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება ეს არასწორად გამოიყენონ როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან", - განაცხადა კალაძემ.
1-ლიდან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში ღირსების კვირეული ტარდება. 5 ივლისს რუსთაველის მეტროსთან დაგეგმილია მსვლელობა - ღირსების მარში.