სეპარატისტულ აფხაზეთში მცხოვრები სომხები აცხადებენ, რომ აფხაზები მათზე ზეწოლას ახორციელებენ. მათი განცხადებით აფხაზეთის მოსახლეობის 30 %-ზე მეტს სომხები შეადგენენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "აზე.აზ" სომხურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სომხური მედიის ინფორმაციით, უკვე არის მცდელობები იმისა, რომ "აფხაზეთიდან სომხური მოსახლეობა გამოასახლონ".
სომხები აფხაზებს იმაში ადანაშაულებენ, რომ ისინი, რუსების დახმარებით, სომხეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აცხადებენ, რომ სომხებს აფხაზეთში ცხოვრების საშუალებას არ მისცემენ.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული საქმის კურსშია სომხეთის ხელისუფლება, თუმცა იგი არ ჩქარობს რაიმე სახის ზომების მიღებას, რადგანაც მათ მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლების უკმაყოფილებას გამოიწვევს, ეს კი ჯავახეთში მცხოვრები სომხების მდგომარეობას გაართულებს.