საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ივლისი-ოქტომბრის პერიოდში ქვეყანა ვაქცინის 3 200 000-ზე მეტ დოზას მიიღებს. ეს იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინები, კერძოდ „ფაიზერის“, „სინოფარმის“, „სინოვაკის“, „ნოვავაქსის“ და „ჯონსონის-ენდ- ჯონსონის“ ვაქცინები.
კოვაქსის პლატფორმით კი, უკვე ივნისში, საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 000-მდე დოზას მიიღებს. „ასტრაზენეკას“ ადმინისტრირებისთვის განიხილება დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების მობილიზებისა და პროგრამაში ჩართვის საკითხი.
„ვაქცინაცია სწორი არჩევანია COVID-19-სგან საკუთარი თავის, ოჯახისა და საზოგადოების დასაცავად. ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობის და სიკვდილობის რისკს და პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა“, - აცხადებენ უწყებაში.