მიმდინარეობს მუშაობა, რომ ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისში ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ივლისიდან „ამცრელი სივრცეები“ ჩამოყალიბდეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მოსახლეობის აცრა მოხდება დიდ სივრცეებში, მათ შორის პავილიონებში, მოლებში და სპორტულ დაწესებულებებში.
„ქვეყნის ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში მინიმუმ 3 ან 4, დანარჩენ ქალაქებში თითო-თითო. კარვებზე საუბარი არ არის, საუბარია უფრო დიდ სივრცეებზეა, მაგალითად თბილისში აქტიურად ვმუშაობთ „ექსპო ჯორჯიასთან“ მათი პავილიონების გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე ვმუშაობთ „ჰუალინგის ცენტრთან“, რამდენიმე სპორტულ დაწესებულებასთან, სადაც დიდი დარბაზებია და მოლებთან, რომ იყოს ამ ტიპის ცენტრები გაშლილი. ინტენსიური ვაქცინაცია ივლისიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ეს იქნება როგორც ონლაინ დაჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგებით“, - აცხადებს გამყრელიძე.