საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქო პირველი იქნება ვინც ხმას ამოიღებს, თუ დადასტურდება, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა უფლებების დარღვევას აქვს ადგილი.
ანდრია ჯაღმაიძის თქმით, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა კომისია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული მდგომარეობის გასაცნობად.
დეკანოზი ჯაღმაიძე ირწმუნება, რომ პანსიონში სრული სიმშვიდეა და იქ მცხოვრები ბავშვები მხოლოდ შექმნილი აჟიოტაჟით არია შეწუხებულნი.
"ამ დროისათვის, რასაც ჩვენ გავეცანით, რაც ჩვენ ვნახეთ, აქ სრულიად სიმშვიდეა, ბავშვები არიან ძალიან შეწუხებულები ერთადერთი ამ გარემოთი, რაც შეიქმნა, აჟიოტაჟით, და მხოლოდ ამით არიან დაძაბულები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მუშაობენ შესაბამისი სამსახურებიც. მათ შორის ბავშვები გამოკითხვაზეც არიან და პირველები ვიქნებით ჩვენ, ვინც ხმას ამოიღებს, თუკი აქ ბავშვების უფლებების მიმართ იქნება რაიმე დარღვევები", - თქვა ჯაღმაიძემ.
ცოტა ხნის წინ, მეუფე სპირიდონმა, რომელიც ნინოწმინდის პანსიონატს ხელმძღვანელობს, სოციალურ ქსელში გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ ის აღსაზრდელებს ოთახში იბარებს და მათ ეუბნება კამერების წინაშე, თქვან, სურთ თუ არა პანსიონიდან წასვლა.
გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა განაცხადა, რომ შეისწავლის ჩანაწერების გავრცელების საკითხს.