საქართველოს რეგიონების ენერგომომარაგება ზამთარში სტაბილურად და ხარისხიანად განხორციელდება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რეგიონების შეუფერხებელი ენერგომომარაგების წინაპირობას წარმოადგენს ს.ს. ენერგო-პრო ჯორჯიას მიერ მთელი წლის მანძილზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიის საკუთრებაში არსებულ გენერაციისა და დისტრიბუციის ობიექტებზე.
ზამთარში ელექტროენერგიის მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება და დღე-ღამეში საშუალოდ შეადგენს 7 მლნ კვტ/სთ-ს. ენერგო-პრო ჯორჯიას ფილიალებში 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ მორიგე გამსვლელი ბრიგადები, რომლებიც უამინდობით გამოწვეული ავარიის შემთხვევაში ოპერატიულად მოახდენენ დაზიანების ლოკალიზებასა და კომპანიის აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას.
ზამთრისათვის მზადების პროექტის ფარგლებში, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა კომპანიის მფლობელობაში მყოფ ჰესებს, გაუმჯობესდა ჰესების ინფრასტრუქტურა და გაიზარდა მათი გამართული მუშაობის ხარისხი. ზამთრიის პერიოდში ენერგო-პრო ჯორჯიას მიერ აბონენტებზე მიწოდებული ელექტროენერგიის 50% შეადგენს კომპანიის ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, დანარჩენ ენერგიას კომპანიას აწვდიან კონტრაქტორები.
ზამთარში აბონენტების შეუფერხებელი ენერგომომარაგების მიზნით, რეგიონების მასშტაბით ელექტროქსელის სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში, აშენდა და გარემონტდა მაღალი და დაბალი ძაბვის ქვესადგურები, განახლდა მიწისქვეშა და საჰაერო კომუნიკაციები, ძველი კაბელები შეიცვალა ახალი ევრო სტანდარტების შესაბამისი კაბელებით, ამორტიზირებული ხის ელექტრობოძები ჩანაცვლდა რკინა-ბეტონის ბოძებით, აშენდა ახალი გადამცემი ხაზები, მნიშვნელოვანი რეაბილიტაციები ჩატარდა ენერგოინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით. დღეს გამართულ პრეს კონფერენციაზე ს.ს. ენერგო-პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა რადოსლავ დუდოლენსკიმ განაცხადა, რომ მხოლოდ დისტრიბუციის კუთხით და მხოლოდ ზამთრისათვის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის კომპანიამ განახორციელა 5-6 მლნ ლარის ინვესტიცია. ხოლო 2007 წლიდან დღემდე დისტრიბუციის კუთხით საერთო ჯამში განხორციელდა 88 მლნ ლარის ინვესტიცია. ამჟამად, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს მარნეულში, გარდაბანში, კასპსა და სტეფანწმინდაში.
ქსელის რეაბილიტაციის შედეგად აღდგა მაღალმთიანი სოფლების ენერგომომარაგება. წლების მანძილზე დაზიანებული გადამცემი ხაზების და გაძარცული ენერგოინფრასტრუქტურის გამო, მაღალმთიანი პატარა სოფლების ნაწილს წლების მანძილზე არ მიეწოდებოდათ ელექტროენერგია. რთული სამუშაო პირობების მიუხედავად, ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკური სამსახურის მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად აღნიშნული სოფლების ენერგომომარაგება განახლდა.
ქსელის რეაბილიტაციის პარალელურად, ენერგო-პრო ჯორჯია აქტიურად განაგრძობს ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტების განხორციელებასაც. 2010 წლის 1 ივლისამდე კომპანია გეგმავს 53 000 აბონენტის გამრიცხველიანებას. ამ დროისთვის კომპანიის მიერ ინდივიდუალურად გამრიცხველიანებულია 300 000 აბონენტზე მეტი. 2010 წელს ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი კვლავ გაგრძელდება.
ენერგო-პრო ჯორჯია მომავალშიც გეგმავს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას ელექტროქსელის დისტრიბუციისა და გენერაციის კუთხით, რათა მნიშვნელოვნად გაზარდოს ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი და საიმედოობა.