საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სიტყვა:
"გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
მივესალმები საზოგადოებას და ქართულ ჯარს!
მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, პარლამენტის თავმჯდომარევ, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებო, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელებო!
მივესალმები საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრეს!
მივესალმები დიპლომატიურ კორპუსს და ჩვენი მეგობარი ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებს.
ბატონო პრეზიდენტო, მინდა განსაკუთრებულად მოგესალმოთ! 26 მაისის დღესასწაულზე თქვენი აქ, ჩვენთან ერთად ყოფნა, პოლონეთის საუკუნოვანი მეგობრობისა და დღეს მისი მტკიცე მხარდაჭერის უმნიშვნელოვანესი ნიშანია, რისთვისაც საქართველოს სახელით მადლობას მოგახსენებთ.
2021 წლის 26 მაისს ვზეიმობთ 30 წლის წინ აღდგენილ საქართველოს დამოუკიდებლობას, 70-წლიანი საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დასრულებას.
სიმბოლურია, რომ 100 წლის შემდეგ, სწორედ დამოუკიდებლობის დღეს ბრუნდება საქართველოში ქართული ჯარის მთავარსარდალი, რომელიც რუსული მე-11 არმიის თავდასხმისა და ოკუპაციის შედეგად, იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. ბრუნდება სრული სამხედრო პატივითა და ღირსებით, ბრუნდება დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოში!
საზეიმო დღეა, რამეთუ 100 წლის შემდეგ, ქართული ჯარის დამფუძნებელი, კადეტთა სკოლის დამაარსებელი და დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი, პანთეონში, ქვეყნის გამოჩენილი და დამსახურებული შვილების გვერდით კუთვნილ ადგილს იკავებს. ამდენად, სახელმწიფო პატივს მიაგებს გენერალ კვინიტაძის ცხოვრებისეულ უკომპრომისო ბრძოლას და სამხედრო თავდადებას. ეს დღე ასევე ეძღვნება დამოუკიდებლობისთვის ქართული ჯარის დაუღალავ და საუკუნოვან ბრძოლას.
ყველა ჩვენს ეროვნულ გმირს, მათ შორის მათაც, ვისაც საფლავი არ ეღირსა, მაგრამ ჩვენს მეხსიერებაში სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა.
მინდა ეს დღე და ესოდენ დიდი ეროვნული მნიშვნელობის მოვლენა მოგილოცოთ თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო! თქვენ, ვინც დღეს ფიცს დებთ, რომ ერთგულად და შეუდრეკლად ემსახუროთ სამშობლოს! მინდა გისურვოთ, რომ მუდამ წინ გიძღოდეთ გენერალ კვინიტაძის მაგალითი! უნდა გვახსოვდეს გენერალი კვინიტაძის სიტყვები და რა თვისებებს ითხოვდა ის ქვეყნის სამსახურში მყოფი ჯარისა და ჯარისკაცებისგან.
სწორედ ასეთი თვისებები გამოავლინეს ჩვენმა ჯარისკაცებმა დამოუკიდებლობის მძიმე 30 წლის განმავლობაში, ყველა ბრძოლაში, ომში, თუ სამშვიდობო მისიაში. ისინი გენერალ კვინიტაძის ღირსეული მემკვიდრეები აღმოჩნდნენ. ძალიან ხშირად, უსამართლო და უთანასწორო ბრძოლებში ჩვენმა ჯარისკაცებმა თავი გამოიჩინეს და ყველგან ასახელეს ქვეყანა. საერთაშორისო მისია ავღანეთში მალე დასრულდება. მინდა, სახელმწიფოს სახელით, ყველა იქ მებრძოლს ღირსეული მსახურებისთვის მადლობა გამოვუცხადო და პატივი მივაგო ჩვენს ვაჟკაცებს!
26 მაისია და გენერალი გიორგი კვინიტაძე თავის საოცნებო ქვეყანაში ბრუნდება, რომელმაც ზუსტად ოცდაათი წელია, რაც დამოუკიდებლობა დაიბრუნა. იგი ბრუნდება თავისუფალ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, თავისი კულტურითა და იდენტობით ამაყ, ევროპასთან დაახლოებულ და მის ფასეულობებთან შერწყმულ საქართველოში. ეს თავისთავად გამარჯვებაა 70-წლიან ოკუპაციასა და საბჭოთა დაპყრობის ტრაგედიაზე.
გამარჯვებაა, რომ ამ ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველა უმძიმეს გამოწვევას გაუძლო - ომებს, მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას, პროვოკაციებს. ქვეყანამ შეძლო, საკუთარ არჩეულ გზაზე ისე ევლო, რომ არ შეპუებოდა დაბრკოლებას, მუქარასა თუ თავდასხმას.
ამ ურთულეს რეგიონში საქართველო მტკიცედ ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობას და სუვერენობას.
დღეს დადგა დრო, რომ ნათლად გავიაზროთ, რა გამოწვევების წინაშეა ქვეყანა და რას გვეუბნება გენერალ კვინიტაძის მაგალითი. მის მემუარებში ახსნილია, დიდწილად რამ განაპირობა 1921 წლის ომის ტრაგიკული შედეგი: მოუმზადებლობა, დეზორგანიზაცია, არათანმიმდევრულობა, გეგმების არარსებობა, პროფესიონალიზმის ნაკლებობა და ამ ყველაფრის უკან კი - გულგრილობა, პარტიული მიზნებისა და ამბიციების წინ დაყენება.
ეს არის ის გაკვეთილი, რომელსაც არა მხოლოდ უნდა მოვუსმინოთ, არამედ გავითავისოთ და დღევანდელ ჭრილში გავიაზროთ.
მაშინ ხელისუფლება აცხადებდა, რომ დამოუკიდებლობას ამყარებდა, მაგრამ ეს მიზანი არ ეყრდნობოდა სამოქმედო გეგმას - სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, ჯარის აღმშენებლობას, რომლისკენაც იქნებოდა მიმართული ყველა ძალა და რესურსი.
დამოუკიდებლობის იმ სამწლიან პერიოდს და დღევანდელს ერთმანეთს ვერ შევადარებთ, თუმცა, თუ სახელმწიფოს გაძლიერება და გამოწვევების დაძლევა გვინდა, ერთი პრინციპი დღესაც მართებულია. ეს პრინციპია, რომ ყველა მთავარ მიზანს უნდა ახლდეს: სწორი შეფასება, რეალისტური ხედვა და სამოქმედო გეგმა.
ეს სჭირდება ევროპაში საქართველოს ინტეგრაციას, რაც ჩვენი უალტერნატივო პერსპექტივა და მიზანია. მართალია, ამ გზას თავისი ეტაპები აქვს და ასოცირებით უმნიშვნელოვანესი საფეხური უკვე გავიარეთ, მაგრამ შემდეგი მიზნის მიღწევას, თუნდაც 2024 წლისათვის განაცხადის შეტანას, ჩვენ მიერ გაწერილი თანმიმდევრული ქმედებები სჭირდება.
მით უმეტეს მაშინ, როცა რეგიონისა და საქართველოს სტაბილურობის მიმართ ევროკავშირის ინტერესი და ჩართულობა მკაფიოდაა გაზრდილი. ჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენგან მეტ მომზადებას, ორგანიზებულობას, თანმიმდევრულობას, პროფესიონალიზმსა და ქვეყნის ინტერესების ყველაფერზე მაღლა დაყენებას მოითხოვს.
საკუთარი მიდგომა და გეგმა ასევე სჭირდება ნატო-ში ინტეგრაციის გზას. საქართველომ ნატო-ს მხარდაჭერით თავდაცვის ძალების რეფორმირებისა და სტანდარტიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპები წარმატებით გაიარა. ვიმედოვნებთ, რომ ნატო-ს 14 ივნისის სამიტი საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე ახალი ნაბიჯის გადადგმის პერსპექტივას გაგვიხსნის. ჩვენ, ყველა ჩვენი პარტნიორის იმედი გვაქვს, თუმცა, თუ გვინდა, მიზანს სწრაფად მივაღწიოთ, არა მხოლოდ მათზე, არამედ, ჩვენზეც ბევრია დამოკიდებული. სიტყვებისა და ლოზუნგების გარდა, აუცილებელია, ერთი მხრივ, ჩვენი ძალისხმევა, მივმართოთ ერთიანობისკენ და, მეორე მხრივ, სტაბილურობისა და დემოკრატიულობის გამყარებისკენ.
ამ გზაზე ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ნიშანდობლივია, რომ დღეს ჩვენს ღონისძიებას ესწრებიან მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლები: პოლონეთის პრეზიდენტი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი და რუმინეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. ეს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ევროპული სოლიდარობის და მხარდაჭერის პირდაპირი დასტურია.
საკუთარი მიდგომა და გეგმა ყველაზე მეტად გვჭირდება, როცა ოკუპაციის დაძლევის მიზანზე ვსაუბრობთ. ქვეყანაში ამ მიმართულებით სრული კონსენსუსია, ამ მიზნის ირგვლივ ვერთიანდებით ყველა, პარტიული თუ სხვა ნიშნის მიუხედავად, თუმცა, როცა საქმე ოკუპაციის დაძლევას ეხება, გვაკლია სათანადო ინსტრუმენტები კონკრეტული მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა: 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არეალის ჯერ გაზრდა და შემდეგ, შეთანხმებისამებრ სრულ ტერიტორიაზე განთავსება, ბორდერიზაციის შეჩერება და გაუქმება, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა, გატაცებული ზაზა გახელაძის შინ დაბრუნება და ადამიანთა შორის ურთიერთობის გამყარება, რის გარეშეც ტერიტორიების დაბრუნება არაფერს ნიშნავს... ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ახალი მიდგომებისთვის, ახალი ფორმატებისთვის, დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის. ყველა ამ მიმართულებით კი ჩვენი პარტნიორების მეტი ჩართულობა აუცილებელია.
იმავე პრინციპებსა და მოთხოვნებს ექვემდებარება ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარება. ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად - პანდემიის, პოლიტიკური დაპირისპირების, საზოგადოების პოლარიზაციისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის, თუ საზოგადოებისთვის მწვავედ აღქმული ისეთი თემები, როგორიცაა „ნამახვანჰესის“ საკითხი, გვჭირდება საკუთარი ხედვა, კონკრეტული გეგმა და, რაც მთავარია, ერთობა.
შეგვიძლია ყველამ ერთად ვიამაყოთ იმით, რომ ქვეყანამ დაპირისპირების მორევიდან გამოსასვლელად რამდენიმე სწორი ნაბიჯი გადადგა:
პარლამენტში აღდგა მრავალპარტიულობა და პარლამენტმა შეძლო საარჩევნო კანონპროექტზე შეთანხმების მიღწევა.
ამ პირველ ეტაპს ევროკავშირის და აშშ-ს ჩართულობით მივაღწიეთ, რომელიც იმ დროისთვის აუცილებელი იყო, მაგრამ ახლა, შემდეგ ეტაპზე უნდა გადავიდეთ - თვითმმართველობის არჩევნებზე და ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულობისა და სახელმწიფოებრიობის ახალ საფეხურზე ავიყვანოთ. ანუ ჩვენზეა და მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული რეფორმების ბოლომდე მიყვანა და ის, რომ ჩვენი სახელმწიფო სამაგალითო გავხადოთ. ნამდვილი დამოუკიდებლობა კი სწორედ ასე მყარდება! დღევანდელ დღეს ასეთია დამოუკიდებლობა, და რაც მეტი დამოუკიდებლობაა მით მეტია პასუხისმგებლობა. ეს ყველას გვეხება, პირველ რიგში, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს. მათ დისკუსიისა და პოლიტიკური დაპირისპირების გარდა, დიალოგისა და თანამშრომლობის რესურსის გამონახვაც ევალებათ. ასევე დიდია საზოგადოების პასუხისმგებლობა, რომელიც ამომრჩევლების აქტიურობით გამოიხატება - აქტიურობა, რომელიც შემდეგ პარტიებს გარკვეულ ვალდებულებას აკისრებს. ამ ვითარებაში არანაკლებია მედიის პასუხისმგებლობა. პირველ რიგში, აუცილებელია საზოგადოებას მისცეს დამშვიდების საშუალება, უნდა შემცირდეს ყალბი ინფორმაცია და ამ კუთხით ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა შევიმუშაოთ თვითრეგულაციები, რათა ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, საარჩევნო კამპანიაში ჩარევა გარედანაც კი განხორციელდეს და ეს არ უნდა დავუშვათ.
მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში არ განვიხილოთ, რადგან, თუნდაც პანდემიასთან ბრძოლა, არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ყოველი მოქალაქის პასუხისმგებლობაა. ყველა ვთანხმდებით, რომ ტურისტული სეზონის დასაწყისში, საჭიროა შეზღუდვების შემსუბუქება, რათა ეკონომიკამ ამოისუნთქოს. თუმცა, ასეთი თავისუფლებას საზოგადოების მხრიდან, მეტი პასუხისმგებლობა და თვითშეგნება უნდა მოჰყვეს, რათა რეგულაციებისა და აკრძალვების გარეშე, თავის თავს დაუწესოს გონივრული ქცევის ნორმები. საფრთხე არ შეუქმნას საკუთარ თავს, ოჯახს თუ სხვებს. ჩვენი საერთო საზრუნავია ქვეყნის ჯანდაცვა, მისი ფიზიკური და მორალური კეთილდღეობა, რამეთუ ჩვენი ხვალინდელი დღე და სახელმწიფოს წინსვლა მასზეა დამოკიდებული! ასეთივე საერთო საზრუნავი და ეროვნული პასუხისმგებლობაა ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების დაცვა და განვითარება. ეს კი მოითხოვს თვით დამოუკიდებლობის დღის პატივის ცემას!
დაბოლოს, ჩვენი ყველასი, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, რომ დამოუკიდებლობიდან 30 წლისთავზე, ერთიანობით და ერთობით მიღწეული გამარჯვება გავამყაროთ და გავაძლიეროთ. ჩვენი წინაპრების წინაშე ვალდებული ვართ, რომ 1918 წელს დაწყებული, 70 წლის განმავლობაში შეწყვეტილი და 1991 წელს აღდგენილი სახელმწიფოს მშენებლობა მივიყვანოთ ბოლომდე და მომავალ თაობებს გაერთიანებული, ევროპული და ძლიერი სახელმწიფო დავუტოვოთ! ეს იყო გენერალ კვინიტაძის მრწამსი, რუსეთთან ბრძოლის მამოძრავებელი ენერგია და ცხოვრებისეული მიზანი! ამ მრწამსს, ენერგიასა და მიზანს დღეს ყველა ვიზიარებთ.
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!"