მეუფე შიო არჩეულ იქნა ხმათა უმრავლესობით კათოლიკოს-პატრიარქის პატივში, მას მხოლოდ კარგს ვუსურვებ, არ მიძნელდება ადამიანის არც ქება და არც პოზიციის გამოხატვა - მეუფე იობს გამოვუცხადე მხარდაჭერა
არჩეულ იქნა მეუფე შიო ხმათა უმრავლესობით. მე მას ვუსურვებ მხოლოდ კარგს . - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმა კათოლიკოს-პატრიარქად შიო მესამის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.
მეუფე ზენონის განცხადებით, მან ხმა მეუფე იობს მისცა.
„მეუფე იობს გამოვუცხადე ნდობა, რომ მე დიდ პატივს ვცემ მის მონაზვნურ ცხოვრებას, ღვაწლს საქართველოს ეკლესიაში. ყველაფერი ნორმალურად ჩატარდა, მე ჩემი ხმა მივეცი სხვას. არჩეული იქნა მეუფე შიო ხმათა უმრავლესობით კათოლიკოს-პატრიარქის პატივში. მე მას ვუსურვებ მხოლოდ კარგს, იცით, რომ მე არ მიძნელდება ადამიანის არც ქება და არც ჩემი პოზიციის გამოხატვა. მას ვუსურვებ წარმატებას, რომ ემსახუროს საქართველოს, საქართველოს ეკლესიას და ემსახუროს ადამიანებს.“- განაცხადა მეუფე ზენონმა.
შეკითხვაზე, მისი განცხადებები და გზავნილები ხომ არ იქნება დაბრკოლება პატრიარქთან ურთიერთობაში, მეუფე ზენონმა აღნიშნა, რომ პატრიარქი შიო მესამე და ის თავადაც ცივილური ადამიანები არიან.
საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.
რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.