აფხაზი სეპარატისტები ქართული მხარისგან აფხაზეთში მცხოვრები 24 წლის არკადი კაჭარავას აფხაზური მხარისთვის გადაცემას მოითხოვენ. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებულმა გალის რაიონში რუსლან ქიშმარიამ დღეს სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ქიშმარიას თქმით, კაჭარავა საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთის "მართლმსაჯულებას" ემალება.
"კაჭარავა ოჩამჩირის რაიონში მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობდა, რომლის შედეგადაც არის დაღუპული ადამიანი. თავად კაჭარავა თავდასხმის დროს დაიჭრა, მაგრამ გაქცევა აფხაზეთიდან საქართველოში მაინც მოახერხა", _ აცხადებს ქიშმარია და დასძენს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ამჟამად კაჭარავა ზუგდიდის საავადმყოფოში მკურნალობას გადის და "საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენელთა დაცვის ქვეშ იმყოფება".
ქიშმარია ასევე აცხადებს, რომ საქართველოს ასევე უკანონოდ ჰყავს დატყვევებული აფხაზეთის მშვიდობიანი მოქალაქე ნუგზარ ფარფალია, რომელიც ზუგდიდის რაიონში ნათესავების მოსანახულებლად გადავიდა.
"ფარფალია ქართულმა სპეცსამსახურებმა დააკავეს და მას ბრალად დასდეს ნარკოტიკების გავრცელება", _ აცხადებს ქიშმარია.