"დაკავებული გვყავს საქართველოს ოთხი მოქალაქე და მზად ვართ, ისინი საქართველოს მიერ დაკავებულ აფხაზეთის მოქალაქეებზე გავცვალოთ", _ ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებულმა გალის რაიონში, რუსლან ქიშმარიამ, დღეს სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"რამდენიმე დღის წინ დავაკავეთ საქართველოს ოთხი მოქალაქე, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაული ჩაიდინეს და დამალვა აფხაზეთის ტერიტორიაზე სცადეს", _ აცხადებს ქიშმარია.
მისი თქმით, აფხაზური მხარე მზადაა მათ მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები ქართული მხარის მიერ დაკავებულ აფხაზეთის ე. წ. მოქალაქეებში გაცვალონ.
"მზად ვართ, კვლავ გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯი და ეს ადამიანები ქართულ მხარეს გადავცეთ. თუმცა ჩვენს წინადადებაზე ქართულ მხრიდან ანალოგიური საპასუხო ნაბიჯის გადადგმას მოვითხოვთ", _ აცხადებს ქიშმარია და დასძენს, რომ აფხაზურმა მხარემ ევროკავშირის თხოვნა დააკმაყოფილა და ქართულ მხარეს 2010 წლის 9 სექტემბერს ქართული ბატალიონის "ბაგრატიონის" ექს-ხელმძღვანელი მალხაზ კორძაია გადასცა.
ქიშმარია ქართული მხრიდან აფხაზეთის ე. წ. მოქალაქეების, გარი ჯოპუასა და მათი მტკიცებით, 2007 წელს გაუჩინარებული დავით სიგუას გათავისუფლებას მოითხოვს.