აფხაზეთის მოქალაქის გარი ჯოპუას გატაცებაში საქართველოს შს სამინისტროს მეორე სამმართველოს სპეციალური დანაყოფებია გარეული. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებულმა გალის რაიონში რუსლან ქიშმარიამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ქიშმარიას განცხადებით, არსებობს დამადასტურებელი მასალა იმისა, რომ 9 ოქტომბერს ქართულ-აფხაზურ საზღვარზე ქართული მხრიდან საქართველოს შს სამინისტროს მეორე სამმართველოს სპეციალური დანაყოფები იმყოფებოდნენ.
"მისი ბედის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. გალის რაიონში კი მომხდარის მოწმეები იმყოფებიან. ჯოპუა დილით სოფელ ხურჩის ტერიტორიაზე შევიდა, იმის გამო, რომ საზღვარი მკაფიოდ გაყოფილი არ არის, აფხაზეთის მოქალაქე პირდაპირ ქართული პოლიციის საგუშაგოს მიადგა. იგი გააჩერეს და დააკავეს. ამის შემდეგ მის შესახებ ცნობილი არაფერია", _ განაცხადა ქიშმარიამ და დასძინა, რომ ალბათ, ქართველი სამხედროების ყურადღება ავტომობილმა "გაზელმა" მიიპყრო, რომელსაც რუსული სანომრე ნიშნები ჰქონდა.
ქიშმარიას განცხადებით, მისი ინფორმაცია, გალის 2 ნოემბერს ჩატარებულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზედაც დადასტურდა.
"საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ უტიაშვილმა დაადასტურა, რომ ამ დღეებში აფხაზეთის საზღვრის გასწვრივ სწორედ ეს სპეცდანაყოფები იმყოფებიან", _ აცხადებს ქიშმარია.
მისი ინფორმაციით, ჯოპუას დაკავების შემდეგ იგი მალევე შეხვდა ზუგდიდის პოლიციის უფროსს, თუმცა "ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ასეთი ადამიანი არავის დაუკავებია".
"ეს ინფორმაცია ევროკავშირის წარმომადგენელს კავკასიაში პიტერ სემნებსაც მივაწოდე, თუმცა მისი უწყებს მხრიდან ამაზე არავითარი რეაქცია არ ყოფილა. ეს საკითხი ჟენევაშიც დაისვა, თუმცა უშედეგოდ", _ აცხადებს ქიშმარია სოხუმში.