ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი არ გამორიცხავს უახლეს მომავალში ეუთოს ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესაძლო შესვლას.
ამის შესახებ სეპარატისტთა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა ეუთოს უმაღლეს კომისართან, ეროვნული უმცირესობის საკითხებში კნუტ ვოლებეკთან შეხვედრის დროს აღნიშნა.
მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ფიქრობენ, რომ ეუთო მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა.
"2008 წლის მოვლენების შემდეგ დაუყოვნებლივ მივმართეთ ეუთოს, რომ სამხრეთ ოსეთთან, როგორც დამოუკიდებელ ქვეყნასთან თანამშრომლობის საკითხი განეხილა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწვეტილება მიღებული არ არის, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ უახლეს მომავალში ეუთოს სამხრეთ ოსეთში მუშაობის საკითხი გადაიხედოს", - აღნიშნა ჯიოევმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ეუთოს წარმომადგენლები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგნლებს ხვდებიან. ასევე დაგეგმილია მათი ახალგორის რაიონში ჩასვლაც.