გამოძიების დაწყების შემთხვევაში, რუსთაველის თეატრი მზად არის ბესო ზანგურს ხელშეკრულება შეუწყვიტოს. ამის შესახებ თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ია შერაზადიშვილი "რუსთავი 2"-თან ამბობს.
"რუსთაველის თეატრმა, როგორც კი გავიდა გადაცემა დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ გმობს და ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის, ოჯახურ ძალადობას. ბესო ზანგური შრომის კოდექსით არის რუსთაველის თეატრის თანამშრომელი, თუ ნინუცა მაყაშვილი შეიტანს სარჩელს, აღიძვრება საქმე, აქედან გამომდინარე, რუსთაველის თეატრი მიიღებს ზომებს და საქმის გარკვევამდე შეაჩერებს მის შემოქმედებით ცხოვრებას, - ამბობს შერაზადიშვილი.
შეგახსენებთ, მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლე, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, ოჯახში ძალადობაში დაადანაშაულა.
ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელი ძალადობის ფაქტების შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ფარულ კონვერტში" ისაუბრა.
"არ მახსოვს, პირველად რა მიზეზით მცემა, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა მისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსული. მცემა. ძალიან. ამ ყველაფერს მერე მოსდევდა ხოლმე ბოდიშების და საჩუქრების კორიანტელი, რომელიც მე არაფერში მჭირდებოდა. არასდროს მილაპარაკია ამ თემაზე, მიუხედავად ძალიან დიდი ინტერესისა ამ თემის მიმართ, რადგან ვთვლიდი, რომ მაშინ არ იყო სწორი დრო და სწორი მომენტი. ახლა ძალიან დიდი დრო გავიდა, მე გავიზარდე, გადავლახე ეს ყველაფერი და ახლა უფრო მარტივია ამ ყველაფერზე ლაპარაკი, ვიდრე მაშინ", - თქვა მაყაშვილმა.
რუსთაველის თეატრი მოკლე განცხადებით გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ "რუსთაველის თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის, ოჯახურ ძალადობას".