მსახიობი ბესო ზანგური ყოფილი ცოლის ბრალდებას, რომ მასზე მეუღლე ფიზიკურად ძალადობდა, სიცრუეს და "5 ათასი ლარის გამო მოგონილ ტყუილად" აფასებს.
"დაიწყონ გამოძიება, მოხარული ვიქნები, რომ გამოძიებას გავცე პასუხები. მანამდეც მყოლია ცოლი, ნინუცა მაყაშვილამდე და მის მერეც მყავს მეუღლე, არცერთი ასეთ რამეს არც იგონებს, არც ადასტურებს", - ამბობს "კურიერთან" ბესო ზანგური.
მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგურს, ოჯახში ძალადობაში დაადანაშაულა.
ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელი ძალადობის ფაქტების შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ფარულ კონვერტში" ისაუბრა.
"არ მახსოვს, პირველად რა მიზეზით მცემა, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა მისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსული. მცემა. ძალიან. ამ ყველაფერს მერე მოსდევდა ხოლმე ბოდიშების და საჩუქრების კორიანტელი, რომელიც მე არაფერში მჭირდებოდა. არასდროს მილაპარაკია ამ თემაზე, მიუხედავად ძალიან დიდი ინტერესისა ამ თემის მიმართ, რადგან ვთვლიდი, რომ მაშინ არ იყო სწორი დრო და სწორი მომენტი. ახლა ძალიან დიდი დრო გავიდა, მე გავიზარდე, გადავლახე ეს ყველაფერი და ახლა უფრო მარტივია ამ ყველაფერზე ლაპარაკი, ვიდრე მაშინ", - თქვა მაყაშვილმა.
რუსთაველის თეატრი მოკლე განცხადებით გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ "რუსთაველის თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის, ოჯახურ ძალადობას".