გალში, ინციდენდების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
ამჯერადაც შეხვედრაზე რაიონში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს განიხილავენ.
"მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდება რეგიონში არსებულ უმძიმეს კრიმინოგენულ ვითარებაზე, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთასთან დაკავშირებულ სიძნელეებზე, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებსა და იმ ინციდენტებზე, რომლებსაც ბოლო სამუშაო შეხვედრიდან მოყოლებული დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში ჰქონდა ადგილი", - განუცხადა ჟურნალისტებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლის ლევან თევზაია.
მოლაპარაკებაში მონაწილეობას ქართული მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი იღებს. ის ამ მიზნით გალში გამთენიისას გაემგზავრა.
შეხვედრას ასევე გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ანტი ტურენინი და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჰანს იორგ ჰაბერიც დაესწრებიან.
რუსულ მხარეს კი საგარეო საქმეთა სამინისტროს და უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები წარმოადგენენ.