ე. წ. სამხრეთ ოსეთში ეროვნული უმცირესობების უფლებების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს კნუტ ვოლებეკს ელიან. სავარაუდოდ, ვოლებეკის ვიზიტი 3 ნოემბერს შედგება. ინფორმაციას ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ვოლებეკთან ერთად ე. წ. სამხრეთ ოსეთში ჩავლენ მთავარი მრჩეველი კაუპო კენდი და მთავარი ადმინისტრატორი საიმონ შორტი. ეუთოს დელეგაცია ოს სეპარატისტთა ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრ მურატ ჯიოევს, ოს სეპარატისტთა ე. წ. რწმუნებულ ბორის ჩოჩიევსა და სეპარატისტთა ე. წ. ადამიანის უფლებების დამცველ დავიდ სანაკოევს შეხვდება.
"სტუმრები ასევე გეგმავენ, შეხვდნენ სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს, სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარეს სტანისლავ კოჩიევს და სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს პიერ რაიშელს", _ იუწყება კომიტეტი.
მათი ინფორმაციით, ე. წ. სამხრეთ ოსეთის მხარის წარმომადგენელთა თანხლებით ეუთოს დელეგაცია იმავე დღეს ახალგორის რაიონში გაემგზავრება.