სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, მეგი ბაქრაძის საქმის ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით,ინტენსიურად განაგრძობს მედპერსონალის გამოკითხვასა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლას.
"საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, მეგი ბაქრაძის საქმის ირგვლივ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, ინტენსიურად განაგრძობს მედპერსონალის გამოკითხვასა და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლას. შესწავლის დასრულების შემდეგ, აღნიშნული მასალები სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პათანატომიური კვეთის შედეგად მიღებული ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად გაიგზავნება შესაბამისი დარგის კლინიცისტებთან სარეცენზიოდ. მათი ანგარიშები მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით განსახილველად წარედგინება პროფესიული განვითარების საბჭოს, პაციენტის მიმართ განხორციელებული სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.
ცოტა ხნით ადრე, განცხადება გაავრცელა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს კვლევები და საბოლოო დასკვნა ჯერ მზად არ არის.
შეგახსენებთ, 18 მარტს, ახალციხეში, ერთ-ერთ კლინიკაში, 27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძეს, "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ (პირველადი მონაცემებით) ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი იმავე დღეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
19 მარტს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.