სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ახალგაზრდა ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ბიუროში ამ დრომდე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის კვლევები, რომელიც არ დასრულებულა, შესაბამისად შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით ჯერ მზად არ არის.
"ახალგაზრდა ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, მედია საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თითქოს დღეს უნდა გახდეს ცნობილი აღნიშნული საქმის სასამართლო-სამედიცინო დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განცხადებას ავრცელებს.
გარდაცვლილი ექთნის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ამ დრომდე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის კვლევები, რომელიც არ დასრულებულა, შესაბამისად შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით ჯერ მზად არ არის.
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ ყველა დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური და ამომწურავი პასუხები.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, 18 მარტს, ახალციხეში, ერთ-ერთ კლინიკაში, 27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძეს, "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ (პირველადი მონაცემებით) ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი იმავე დღეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
19 მარტს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.