ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დღეიდან განახლდება.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 28 მარტს ჩამოვიდა. დანიელსონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში სამი დღე დარჩება და კვლავ პოლიტიკოსების მხრიდან კომპრომისის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
გუშინ ის შეხვდა ფასილიტატორ ელჩებს, მოგვიანებით კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 22 მარტს განაცხადა, რომ მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება.
კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიაციას 12 მარტიდან უწევდა. ამ ხნის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გაიმართა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის. 18 მარტს გამართული ერთობლივი შეხვედრის ბოლოს გაირკვა, რომ მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა.
დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა. გამგზავრებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე კრისტიან დანიელსონმა იმედი გამოთქვა, რომ პარტიებს ექნებათ კომპრომისის სურვილი, რომელიც შედეგის შესაძლებლობას იძლევა.