რაღაც საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა, მაგრამ ჯერ შეთანხმებამდე შორია - თქვა პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ფასილიტატორებთან შეხვედრის შემდეგ.
"იყო რთული საუბარი, რაღაც საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა, მაგრამ ჯერ შეთანხმებამდე კიდევ შორია. საუბარი ხვალ გაგრძელდება. შეხვედრა იმაზე პოზიტიურად დასრულდა, ვიდრე ველოდი", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, დღეს, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
მისი განცხადებით, ლეიბორისტული პარტია ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი.
"ლეიბორისტული პარტია" ტოვებს მოლაპარაკებათა იმ ფორმატს, სადაც პირველ საკითხად არ იხილება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი და სადაც, პირველ საკითხად არ წყდება პოლიტიკური პატიმრების საკითხი და სადაც უკანონოდ დაკავებული ნიკა მელია არ ზის ჩვენ გვერდზე მოლაპარაკების მაგიდასთან. მე დავუბრუნდები მოლაპარაკების მაგიდას, კონსულტაციებს და რაუნდებს, როგორც კი ეს ორი საკითხი იქნება გარკვეული", - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.