ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა ჰანს-იორგ ჰაბერმა აღნიშნა, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ ერთწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ გაიმართა.
"ამ დრომდე რაიმე კონკრეტული შედეგისთვის არ მიგვიღწევია, მაგრამ დღის წესრიგში უამრავი საკითხი იყო. ჩვენ ერთმანეთს აზრები გავუზიარეთ და მინდა ავღნიშნო, რომ სამომავლოდ პროგრესის მისაღწევად პოტენციალი არსებობს", - აღნიშნა ჰაბერმა და აქვე დასძინა, რომ მომავალ შეხვედრაზე, რომელიც კვლავ ერგნეთში გაიმართება მხარები თარიღზე უკვე შეთანხმდნენ და ის სავარაუდოდ 10 დეკემბერს გაიმართება.
საქართველოში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელის ბოლატ ნურგალიევის თქმით, კი შეხვედრა 11 საკითხის განხილვა მოხდა, თუმცა ყველა მათგანზე ამომწურავი პასუხები არ მიუღიათ.
"შეხვედრაზე 11 საკითხი განვიხილეთ. ვერ ვიტყვი, რომ ყველა მათგანზე ამომწურავი პასუხი მივიღეთ, თუმცა შეხვედრა ნამდვილად კონსტრუქციული იყო", - აღნიშნა მან.
ამასთან, ქართული მხარის წარმომადგენელის, საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოტა უტიაშვილის თქმით, ოკუპანტებმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის განთავისუფლების საკითხი დააყენეს, რომელსაც სამი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ასევე სეპარტისტების მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველების გათავისუფლების საკითხი, ადმინისტრაციული საზღვრის ტერიტორიაზე უსაფრთხოების, კერძოდ კი მოითხოვს, ე.წ. საზღვრებთან მცხოვრებ მოსახლეობას მიეცეთ საკუთარ სავარგისებში მუშაობის საშუალების, სარწყავი წყლის პრობლემის საკითხები დააყენა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ერთწლიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ეუთოს, ქართული, რუსული მხარეები და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები მონაწილებდნენ.
როგორც ცნობილია, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ერთი წლის წინ ოსური მხარის მიერ მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმის გამო შეწყდა. ბოლოს შეხვედრა ერგნეთში 2009 წლის ოქტომბერში გაიმართა.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს ჟენევის მოლაპარაკებების მე-13 რაუნდზე ცხინვალის სეპარატისტულმა რეჟიმის წარმომადგენლებმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის განახლებასთან დაკავშირებით თანხმობა განაცხადეს.