საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისათვის საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობას ზღუდავს - აცხადებენ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ხელისუფლების მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციების მოქმედების მიღებული ახალი წესების კომენტირებისას.
"იმის შესახებ, რომ რეინტეგრაციის სამინისტროს ინიციატივები არასამთავრობო ორგანიზაციებში განიხილებოდა უკვე დიდი ხანია ვიცოდით. ამ ახალი ინიციატივის არსი კი მდგომარეობს იმაში, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაზე ტოტალური კონტროლი მოხდეს", _ აცხადებს აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განყოფილების უფროსი ლანა აგრბა.
მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოითხოვენ დაწვრილებით ანგარიშისა და თანამშრომლობის მომავალი გეგმების შეთანხმებას საქართველოს ხელისუფლებასთან.
"ცხადია, რომ ეს მიუღებელი იქნება აფხაზური მხარისათვის. ჩვენ ამას ოფიციალური თბილისის მხრიდან მორიგ პროვოკაციად ვაფასებთ", _ აცხადებს ლანა აგრბა და დასძენს, რომ ეს პირდაპირ ზღუდავს საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას აფხაზეთში და "ალბათ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა აწყობდეს საერთაშორისო ორგანიზაციებს".
"საერთაშორისო ორგანიზაციები დააყენეს არჩევანის წინაში. ეს არის გამოწვევა, რომელიც მთელს საერთაშორისო საზოგადოებას ესროლეს. სწორედ მათ რეაქციაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ერთობლივი საქმიანობა და მომავალი პარტნიორობა, ვინაიდან დასავლური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აფხაზეთში მრავალი პროგრამა ხორციელდება", _ აცხადებს აგრბა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად სეპარატისტულ აფხაზეთში 10 ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს.