ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე ქართული მხარე ოსი სეპარტისტების მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველების გათავისუფლების საკითხს კიდევ ერთხელ დააყენებს.
ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოტა უტიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ქართული მხარე გარდა უკანონოდ დაკავებული ქართველების გათავისუფლებისა, ასევე ადმინისტრაციული საზღვრის ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხს დააყენებს, კერძოდ კი მოითხოვს, ე.წ. საზღვრებთან მცხოვრებ მოსახლეობას მიეცეთ საკუთარ სავარგისებში მუშაობის საშუალება, რომლებიც ამჟამად ფიზიკური საფრთხის წინაშე იმყოფებიან.
"არის წყლის პრობლემა, რომელიც აწუხებს მთელ რიგ მიმდებარე სოფლებს, არის სხვა საკითხებიც, რომელსაც დავაყენებთ დღევანდელ შეხვედრაზე. ასევე ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ ყველა ის საკითხი, რომელსაც მონაწილეები დააყენებენ", - აღნიშნა უტიაშვილმა.
შეგახსნებთ, რომ დღეს, ერთწლიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებით იმართება და მასში მონაწილეობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ეუთოს, ქართული, რუსული მხარეები და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც ცნობილია, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ერთი წლის წინ ოსური მხარის მიერ მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმის გამო შეწყდა. ბოლოს შეხვედრა ერგნეთში 2009 წლის ოქტომბერში გაიმართა.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს ჟენევის მოლაპარაკებების მე-13 რაუნდზე ცხინვალის სეპარატისტულმა რეჟიმის წარმომადგენლებმა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის განახლებასთან დაკავშირებით თანხმობა განაცხადეს.