ევროკავშირმა და ბრიტანეთმა ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ მიაღწიეს შეთანხმებას სავაჭრო სფეროში, რომელმაც ბრექსიტის შემდგომ ამ ორი სუბიექტის ურთიერთობები უნდა დაარეგულიროს.
თითქმის ერთწლიანი მოლაპარაკების მთავარ გადაულახავ გარემოებად რჩებოდა საკითხი ბრიტანეთის წყლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ თევზჭერის უფლებისა და პირობების შესახებ.
ბრიტანეთს სურდა, რომ ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, თავის წყლებში თევზჭერის უფრო ფართო უფლებებით ესარგებლა, ვიდრე ეს ევროკავშირის წესებით იყო გათვალისწინებული. ბრიტანეთის ამ მოთხოვნას მკაცრად ეწინააღმდეგებოდნენ ის ქვეყნები, რომლებიც ესაზღვრებიან გაერთიანებული სამეფოს წყლებს.
ახალი შეთანხმებით გათვალისწინებულია ნულოვანი ტარიფები და ნულოვანი კვოტები.
"ჩვენ საბოლოოდ მივაღწიეთ შეთანხმებას. ეს იყო გრძელი და სირთულეებით აღსავსე გზა, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს კარგი, სამართლიანი და დაბალანსებული გარიგება", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა.
შეთანხმების მიღწევას გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც განაცხადა, რომ "ეს გარიგება ნიშნავს ახალ სტაბილურობასა და ახალ რეალობას, რომელიც ზოგჯერ რთულად და ბუნდოვნად გვეჩვენებოდა".
"ჩვენ ვიქნებით თქვენი [ევროკავშირის] მეგობარი, თქვენი მოკავშირე, თქვენი მხარდამჭერი. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს დავტოვებთ, ეს ქვეყანა [ბრიტანეთი] კულტურულად, ემოციურად, ისტორიულად, სტრატეგიულად უკავშირდება ევროპას", - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
"ეს შეთანხმება საშუალებას გვაძლევს, დაიწყოს ახალი ურთიერთობა დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის. ის, რაც ჩვენ ყოველთვის გვინდოდა - წარმატებული სავაჭრო, ეკონომიკური ურთიერთობა სუვერენულ დიდ ბრიტანეთსა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებსა და მეგობრებს შორის", - განაცხადა ბრიტანეთის მთავრობის სპიკერმა.
ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის მიღწეული სავაჭრო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროპის პარლამენტისა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ შეთანხმების სრულად დამტკიცებას არც თუ ისე ცოტა დრო დასჭირდება, ევროკავშირი სავარაუდოდ ნებას დართავს ბრიტანეთს, რომ შეთანხმება დროებით ძალაში შევიდეს 1-ელ იანვარს და იმოქმედოს არაუგვიანეს 28 თებერვლისა, ვიდრე ყველა პროცედურა ჩატარდება.
გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი 2020 წლის 31 იანვარს დატოვა, თუმცა 31 დეკემბრამდე გარდამავალი პერიოდი მოქმედებს, რა დროშიც უნდა მიღწეულიყო სავაჭრო შეთანხმება ბრიტანეთსა და ევროგაერთიანებას შორის.
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირისგან საბოლოო თავისუფლებას 2020 წლის 31 დეკემბერს მოიპოვებს.