აფხაზი სეპარატისტები ქართულ მხარეს კვლავ აფხაზეთის ე. წ. მოქალაქის გატაცებაში ადანაშაულებენ. აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართულ მხარეს სეპარატისტები გალის რაიონის სოფელ რეპის ბრიგადირის, 65 წლის ნუგზარ ფარფალიას გატაცებაში ადანაშაულებენ.
"ინციდენტი საზღვრის ქართულ მხარეს, სოფელ ხურჩის რაიონში მოხდა. ნუგზარ ფარფალია ქართულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს, როდესაც იგი საქართველოს ტერიტორიიდან აფხაზეთში ბრუნდებოდა. მას ნარკოტიკების გადატანაში ადანაშაულებენ, თუმცა ჩვენთვის ნამდვილადაა ცნობილი, რომ დაკავებისას ფარფალიას ნივთმტკიცება ჩაუდეს", _ იუწყება აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ამასთან დაკავშირებით, სეპარატისტები კვლავ მოითხოვენ საქართველოში ბაზირებული საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვას აფხაზეთის ე. წ. მოქალაქეების გატაცების გამოძიების საქმეში და ქართული მხარისგან მოითხოვენ, აცნობოს მათ ინფორმაცია - "ადრე გატაცებული აფხაზეთის მოქალაქეების, დავიდ სიგუასა და გარი ჯოპუას ადგილსამყოფელის შესახებ".
"ოქტომბერში ეს უკვე მეორე გატაცებაა. საქართველოს ქმედებებს ჯერაც არ მიუღიათ შესაბამისი შეფასება საქართველოში მყოფი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. მეტიც, აფხაზეთის მოქალაქეები ფაქტობრივად ქრებიან საიდუმლო ქართული ციხეების კედლებში", _ ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ საქართველოს პროვოკაციული მოქმედებები მიმართულია "მოლაპარაკებათა ისედაც მყიფე პროცესის დაზიანებისა და გალის რეგიონში მცხოვრები ქართული მოსახლეობის დაშინებისკენ".