სოხუმში, იმ ადგილას, სადაც ქართული მხარე 1992-1993 წლებში მიმდინარე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ ქართველ მებრძოლთა ძმათა სასაფლაოს მოწყობას აპირებდა, სეპარატისტები ნადეჟდა კურჩენკოს ძეგლისა და მის ირგვლივ მდებარე პარკის აღდგენას აპირებენ. ქართველი მებრძოლები, გარდაცვლილ თანამებრძოლებს სწორედ კურჩენკოს პარკში აბარებდნენ მიწას.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ფინანსები ამისათვის ე. წ. რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ უკვე გამოყო.
ცნობილია ასევე ფაქტი იმის შესახებ, რომ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ქალაქში ჯავშანტექნიკით შესულმა რუსული არმიის ნაწილებმა და ჩრდილოკავკასიელმა ბოევიკებმა სწორედ კურჩენკოს სახელობის პარკში დასვენებული რამდენიმე ათეული ქართველი გარდაცვლილი მეომრის ცხედრებზე, რომელთა დაკრძალვა ქართველმა მებრძოლებმა ვერ მოასწრეს, ჯავშანტექნიკით გადაიარეს და იქაურობა "გაასწორეს".
"1992-1993 წლებში მიმდინარე ქართულ-აფხაზური კონფლიქტამდე პარკს არა მხოლოდ სოხუმელები, არამედ ქალაქის სტუმრები ხშირად სტუმრობდნენ. მაგრამ ომის დროს ქართველმა ვანდალებმა ძეგლი დაცხრილეს და დააზიანეს", _ წერს აფხაზური მხარე.
ცნობისთვის: 40 წლის წინ, 1970 წლის 15 ოქტომბერს, სოხუმის აეროპორტის ბორტგამცილებლის, 19 წლის ნადეჟდა კურჩენკოს სახელი მთელმა საბჭოთა კავშირმა გაიგო. ნადეჟდა კურჩენკო 1950 წლის 29 დეკემბერს ალტაის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. 1969 წლიდან სოხუმის აეროპორტში ბორტგამცილებლად მუშაობდა. 1970 წლის 15 ოქტომბერს იგი დაიღუპა მაშინ, როდესაც თვითმფრინავ "ან-24"-ის გატაცებისთვის (რეისი #244 - ბათუმი-სოხუმი-კრასნოდარი) ხელის შეშლას შეეცადა. თვითმფრინავი მამა-შვილმა ბრაზინსკასებმა გაიტაცეს.