უმსხვილესი რუსული გამომცემლობის "ოლმა მედია გრუპი"-ის მიერ სასწავლო წლის დასაწყისისათვის ფართო გაყიდვაში გამოშვებულ იქნა "მსოფლიოს დიდი უნივერსალური ატლასის" დიდი ტირაჟი. ატლასზე რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებად გამოყოფილი არ არის და კვლავ საქართველოს შემადგენლობაშია დაფიქსირებული.
ყოველივე ამით აღშფოთებული რუსეთის საერთორეგიონალური ახალგაზრდული საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ნოვიე ლიუდი" 27 ოქტომბერს მოსკოვში ნაციონალური კარტოგრაფიული კორპორაციის შენობის შესასვლელთან საპროტესტო მიტინგს ჩაატარებს სახელწოდებით - "ის რისი გაკეთებაც იარაღმა ვერ შეძლო, გეოგრაფიულმა რუკებმა გააკეთეს".
ატლასის ანონსირებისას გამომცემლობა წერს: "მსოფლიოს ატლასი იმ მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც განსაკუთრებით გეოგრაფია აინტერესებთ და ალბათ გაკვეთილების მომზადების დროს კარგი დამხმარე გახდება".
ატლასის რუკები შედგენილია და გამოცემისათვის გამზადებულია "ნაციონალური კარტოგრაფიული კორპორაციის" მიერ.
""ოლმა მედია გრუპი"-ი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სთავაზობს გამოცემას, რომელშიც რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ორი წლის შემდეგ ეს ორი სახელმწიფო ცალკე სახელმწიფოებად არ არიან გამოყოფილნი და რუკაზე კვლავ საქართველოს შემადგენლობაში არიან დაფიქსირებულნი. თავად საქართველო კი რუკაზე დსთ-ს წევრთა რიგებშია", _ წერს მოძრაობის პრესსამსახური და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ახალგაზრდული მოძრაობა "ნოვიე ლიუდი" ჩაატარებს პიკეტს "ნაციონალური კარტოგრაფიული კორპორაციის" შენობის წინ, რომლის დროსაც მიმართავს ყველა რუს გამომცემლობას რომელიც ატლასებსა და გეოგრაფიულ რუკებს უშვებს და მიუთითებს იმაზე, რომ გეოგრაფიულ რუკებს შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც იარაღმა და ტანკებმა ვერ შეძლო.
კორპორაციის შენობასთან მომოტინგეები თვალსაჩინოებისათვის რუკებიდან გააკეთებენ იარაღს, ზარბაზნებს, პისტოლეტებსა და ავტომატებს. მიტინგზე იქნება ლოზუნგები - "რასაც ვერ აკეთებს იარაღი - აკეთებს წიგნები და რუკები!", "წესრიგი რუკებზე - წესრიგი თავებში!", "ის რაც დაწერილია - ვერ ამოშლი!", "მოიყვანეთ გეოგრაფიული რუკები მწყობრში!", _ ნათქვამია განცხადებაში.
ამას გარდა, "ოლმა მედია გრუპი"-ის გენერალურ დირექტორს გადასცემენ წერილს, რომელშიც "დაშვებული სერიოზული შეცდომის" გამოსწორებას მოითხოვენ.
"ერთ-ერთა ჩვენმა აქტივისტმა მე ახალი ატლასი მომიტანა, რომელიც ვოლგოგრადში იყიდა. გავხსენი საქართველოს გვერდი და ნანახმა შემზარა - აღმოვაჩინე, რომ დამოუკიდებელი რესპუბლიკები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აქ ჯერაც საქართველოს შემადგენლობაში იმყოფებიან", _ მოძრაობა "ნოვიე ლიუდის" ლიდერი იგორ გრიბანოვი.