რუსეთის ფედერაცია 2011 წელს მდინარე ფსოუზე მდებარე საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"2011 წელს რუსეთისა და აფხაზეთის საზღვარზე ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაიხსნება, რომელიც საზღვარზე გადაადგილების პროცედურას კიდევ უფრო დააჩქარებს", _ ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის კეთილმოწყობის ფედერალური სააგენტოს სახელმწიფო საზღვრის მოწყობის სახელმწიფო პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ელენა კიტოვამ გააკეთა.
მისივე თქმით, მის უწყებაში უკვე დიდი ხანია შედის საჩივრები როგორც აფხაზეთის მაცხოვრებლებიდან ისე რუსი ტურისტებისგან, რომლებშიც საუბარია იმაზე, რომ მათ საზღვრი გადასაკვეთად რიგში ძალიან დიდი ხანი უწევთ დგომა.
"ახალი პუნქტი, რომელიც ძველის შორიახლოს იქნება განლაგებული გარკვეულწილად ამ პრობლემას მოხსნის. იგი განკუთვნილი იქნება როგორც ქვეითად მოსიარულეთათვის, ისე ავტომობილებით გადაადგილებისათვის', _ აცხადებს კიტოვა და დასძენს, რომ ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტი თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.