"ცხინვალი - ეს ცენტრალური კავკასიის ის ნაწილია, სადაც ასწლეულების განმავლობაში მიდიოდა ინტენსიური ცივილიზაციური დიალოგი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, რუსეთსა და კავკასიას შორის, რომელმაც მსოფლიოს კაცობრიობის სიდიადის ამსახველი სასულიერო და მატერიალური კულტურის უნიკალური ნიმუშები მისცა", - ეს განცხადება ცხინვალში რუსეთის კულტურის მინისტრის მრჩეველმა ლევ ძუგაევმა რუსეთსა და სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებისას გააკეთა.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, რუსეთისა და და ე. წ. სამხრეთ ოსეთის კულტურის სამინისტროებმა ცხინვალში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ისტორიისა და კულტურის ძეგლების სახელმწიფო დაცვის, პოპულარიზაციის, შესწავლისა და შენარჩუნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. სეპარატისტთა მხრიდან ხელშეკრულებას ე. წ. სამხრეთ ოსეთის კულტურის მინისტრმა მახარბეკ კოკოევმა მოაწერა, რუსეთის მხრიდან კი _ რუსეთის კულტურის მინისტრის მრჩეველმა ლევ ძუგაევმა.
"ჩვენ არა გვყავს სპეციალისტები ძეგლების რესტავრაციისა და კონსერვირების საქმეში. იმედი გვაქვს, რუსული მხარე დაგვეხმარება ამ საკითხის გადაწყვეტაში", _ განაცხადა კოკოევმა.