პროექტი საავტორო სიმღერის ეროვნული კონკურსი ‘'სიმღერა ბათუმზე'' გაიმართება ქალაქ ბათუმში 6-7 ნოემბერს. კონკურსი ტარდება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვაშალომიძის პატრონაჟით. კონკურსი-ფესტივალი ორიენტირებულია ახალი სიმღერების შექმნაზე, რომელიც მიეძღვნება საქართველოს ერთერთ ულამაზეს და ისტორიულ ქალაქს ბათუმს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის კომპოზიტორსა და სიმღერის ავტორს. საკონკურსო სიმღერა შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ჟანრის. გამარჯვებული სიმღერის ავტორსა და შემსრულებელს ფულადი ჯილდო გადაეცემა. საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლი ანებისმიერი ასაკის კომპოზიტორს ანუ სიმღერების ავტორს, რომელიც თავად ირჩევს თავისი სიმღერის შემსრულებელს ან შემსრულებლებს, სიმღერის ტექსტის ავტორს.
საკონკურსო სიმღერა შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ჟანრის, ოღონდ მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კონკურსის პირობებით დადგენილ ქრონომეტრაჟს 3 წუთი და 30 წამი.
კონკურისის I ტურის გავლის შედეგად (დახურული მოსმენა) არჩეულ იქნება 12 სიმღერა.
კონკურსის II ტური ჩატარდება 6 ნოემბერს ქ. ბათუმში. შესრულდება 12 სიმღერა ცოცხლად. (შესრულებული სიმღერების თანმიმდევრობას განზღვრავს კენჭისყრა, რომელიც გაიმართება მოსმენის წინა დღეს).
III ტური - გალა კონცერტი შედგება 7 ნოემბერს ქ. ბათუმში და შესრულდება 6 საკონკურსო სიმღერა, საიდანაც გალა კონცერტის დასრულებისთანავე გამოვლინდება საპრიზო ადგილები.
ექვსივე სიმღერის ავტორი დაჯილდოვდება ლაურეატის დიპლომით, ხოლო სამი სიმღერა გაინაწილებს საპრიზო ადგილებს: გრან-პრი, ანუ I ადგილი, II ადგილი და III ადგილი.
დასკვნით გალა-კონცერტზე სიმღერები სრულდება აჭარის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის და ინსტრუმენტული ბენდის თანხლებით. გამარჯვებული სიმღერის დასახელების შემდეგ გამარჯვებული სიმღერა სრულდება კიდევ ერთხელ. იმავდროულად, კონკურსის ორგკომიტეტი იტოვებს უფლებას წარმოდგენილი მასალის გამოყენებით გამოსცეს აუდიო ალბომი, ვიდეო ალბომი და სანოტო კრებული, რაზეც სიმღერის, ტექსტის, არანჟირების ავტორებსა და შემსრულებლებს არ მიეცემათს საავტორო ჰონორარი.
გამარჯვებული სიმღერა (გრან-პრი) ჯილდოვდება გრან-პრის ქანდაკებით და ფულადი პრემიით 5000 ლარის ოდენობით. გამარჯვებული სიმღერის შემსრულებელს (სოლო მომღერალს ან ანსამბლს) გადაეცემა შესაბამისი დიპლომი და 2500 ლარი, სიტყვების ავტორს დიპლომი და 2500 ლარი.
კონკურსის ჟიურის წევრთა ვინაობა საჯარო მხოლოდ II ტურის დღეს გახდება. I ტურის დახურული მოსმენის დროს ჟიურის წევრების ვინაობა იქნება გასაიდუმლოებული. 7 წევრიანი ჟიური დაკომპლექტდება კომპოზიტორების, მომღერლების, მსახიობების, პოეტების, პროდიუსერებისა და მუსიკისმცოდნეებისგან.